საიმერლოს მოსახლეობამ მხარი სარწყავი არხის რეაბილიტაციას დაუჭირა
დღეს, 19 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში საერთო კრება გაიმართა. რადიო „მარნეულს“ მერიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ საერთო კრების ლეგიტიმაციისათვის ხმების საკმარისი რაოდენობა შეგროვდა.

სოფელ საიმერლოში გამართულ სოფლის საერთო კრებას ესწრებოდნენ მარნეულის მერის მოადგილე როინ დეკანოიძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძეც.

მამუკა შუბითიძემ კრებაზე დამსწრე მოსახლეობას განუცხადა, რომ სოფლიდან მერიაში სამი წინადადება იყო შესული. ეს წინადადებები შეეხებოდა, სოფელში სარწყავი არხის კეთილმოწყობას აღმაშენებლის ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე (წყაროსთან) სარეკრეაციო სივრცის მოწყობასა და იმ სარწყავი არხის კეთილმოწყობის პროექტის გაგრძელებას, რომელიც გასულ წლებშიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

საიმერლოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სარწყავი არხის მოწყობის პროექტის გაგრძელებას. მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოფლისათვის გამოყოფილი 20 000 ლარით, აღნიშნული სარწყავი არხის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, დასრულდება.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები