მერია „სფლის მხარდაჭერის პროგრამის“ თანადაფინანსებას ნახევარი მილიონი ლარით აპირებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა. მერის მოადგილის განმარტებით, ამ ეტაპზე მოსახლეობასთან შეხვედრები მარნეულის 77-ივე სოფელში დასრულდა და პროექტირების პროცესი მიმდინარეობს.

„მინდა გითხრათ, რომ 90% პროექტირებების უკვე დასრულებულია. გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ დავიწყებთ სამუშაოების შესრულებას. მთლიანად, ცენტრალური ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილია 1 232 000 ლარი და მინდა გითხრათ, რომ ნახევარ მილიონამდე ლარი კიდევ დაემატება ამ პროექტებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რადგანაც ამა თუ იმ პროექტებზე არის შემთხვევა, სადაც მოსახლეობისგან შერჩეული პროექტის დასასრულებლად საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსება“. - განაცხადა როინ დეკანოიძემ

მარნეულის მერის მოადგილის განმარტებით, სოფლის კრებებს მოსახლეობა აქტიურად ესწრებოდა და დაცული იყო გენდერული ბალანსი.

„ასევე, მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებიც, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და ა.შ. და მინდა გითხრათ, რომ ასევე გენდერული ბალანსი იყო დაცული. მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები იყვნენ აქტიურად ჩართულები, ასევე გენდერული საბჭოს წევრები იყვნენ ჩართულები, რამაც შედეგი გამოიღო და ქალბატონებიდან წამოყენებული 6 პროექტი იქნა მიღებული, რომელი პროექტებიც აუცილებლად სისრულეში იქნება მოყვანილი, რაც მისასალმებელია“.

როინ დეკანოიძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს და პროგრამის ფარგლებში ძირითადად ხორციელდება ისეთი პროექტები, როგორიცაა გზების რეაბილიტაცია, გარე განათება, სასაფლაოს შემოღობვა, სარწყავი არხების გაწმედნა/რებაილიტაცია და სხვა.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 12 -დან 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები