მარნეულელი რეპერის ორენოვანმა სიმღერამ სამშობლოზე მსმენელის მოწონება მოიპოვა
„ჩემო საქართველო“ - ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე შესრულებული სიმღერა სოციალურ ქსელში პოპულარობას იხვეჭს. სიმღერაზე აფიგ ნოვრუზოვმა, იგივე ნატომ და საჰილ დენიზმა იმუშავეს. ნატო რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ სიმღერა საქართველოს სიყვარულმა დააწერინა. მათ ჰქონდათ სურვილი ინტეგრირებულიყვნენ ქართულ შოუბიზნესში, რის გამოც სიმღერის ორ ენაზე შესრულება გადაწყვიტეს - „გვინდოდა ქართველებისთვისაც და აზერბაიჯანელებისთვისაც სასიამოვნო ყოფილიყო და ამიტომ ჩავწერეთ ასე სიმღერა“.

სიმღერის ნაწილი სოციალურ ქსელებში 27 მარტს გავრცელდა. ნატო ამბობს, რომ სიმღერას საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ სასიამოვნო დამთხვევის წყალობით მან ქართველ მსმენელშიც დადებითი გამოხმაურება მიიღო.

„მე ეს სიმღერა ჩემი სამშობლოსათვის დავწერე. დამთხვევა იყო, რომ ფეხბურთში გამარჯვებასთან ერთად ჩავწერეთ. სიმღერა არის საქართველოზე, თუ რამდენად ლამაზი ქვეყანაა, რამდენად ტოლერანტულია, იმაზე, რომ კავკასიაში ყველაზე იდეალური ქვეყანაა. ამაზეა სიმღერა აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე. ამ სიმღერაზე მე და საჰილი ვმუშაობდით“. - აცხადებს აფიგ ნოვრუზოვი

ამ ეტაპზე სიმღერის სრული ვერსია გამოშვებული არაა. როგორც აფიგ ნოვრუზოვი ამბობს, სრული ვერსია მსმენელისათვის ორ დღეში, 30 მარტისათვის, იქნება მზად. მომღერლები ასევე აპირებენ კლიპის გადაღებასაც და ვარაუდობენ, რომ კლიპი მაქსიმუმ ორ კვირაში გამოვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სიმღერის მონაკვეთს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ. 


რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები