მარნეულის 7 ბაღში სასმელ წყალს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ შვიდ საბავშვო ბაღში სასმელი წყალი ლაბორატორიულად შეამოწმა.

საუბარია სოფელ კაპანახჩის, შაუმიანის (ძველი) ხიხანის, თამარისის, ქალაქ მარნეულის N1, N3 და N4 ბაღებზე. როგორც რადიო "მარნეულს" ბაგა ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა, სოსო იმნაძემ უთხრა, ეს იყო გეგმური კვლევა, რომელსაც ყოველწლიურად ატარებენ. კვლევამ შემოწმებულ ბაღებში სასმელი წყლის ვარგისიანობა დაადგინა.

"ნორმებს შეესაბამება, ნორმის ფარგლებშია ყველაფერი შვიდივე ბაღში. წელიწადში ერთხელ ვაწარმოებთ ხოლმე მსგავს შემოწმებას, სურსათის სააგენტო გვთხოვს, უნდა გვქონდეს დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ შემოწმებულია სასმელი წყალი და ვარგისიანია სასმელად" - ამბობს სოსო იმნაძე.

მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანებამ შვიდ ბაღში სასმელი წყალი გამარტივებული წესით შპს “ხარისხის ლაბორატორია"-ს შეამოწმებინა და 630 ლარი გადაიხადა. თითო ბაღში სასმელი წყლის ნიმუშის აღება და ტრანსპორტირება 30 ლარი, ხოლო მიკრობიოლოგიური გამოცდის ჩატარება 60 ლარი დაჯდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები