„დაიტოვე“ - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეების დაბინავებისათვის ჯგუფი შეიქმნა
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე რეიონებიდან თბილისში ჩასული მოქალაქეებისათვის მგზავრობის, დარჩენისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქეებმა ფეისბუქ ჯგუფი შექმნეს.

„დაიტოვე“ - ეს არის ჯგუფი, რომელშიც ამ ეტაპზე უკვე 57 ათასზე მეტი მოქალაქე გაერთიანდა.

„ჯგუფი შეიქმნა ადამიანების დასაკავშირებლად.
მათი, ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ იმავე დღეს, გვიან, შინ
დაბრუნებას და მათი, ვინც ცხოვრობს თბილისში და აქვს შესაძლებლობა თანამოაზრეები დაიტოვონ შინ, აქციის დასრულების შემდეგ“
. - აღნიშნულია ჯგუფის აღწერაში

გუშინ, 30 აპრილს, პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენის პარალელურად რუსთაველზე აქცია მიმდინარეობდა. მშვიდობიანი აქცია ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ძალისმიერი მეთოდებით დაარბიეს. გამოყენებული იყო წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი და წყლის ჭავლი. დაფიქსირდა ძალოვანი უწყებების მიერ მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე დაკავებულია 63 პირი.

აქცია საქართველოს პარლამენტის წინ დღეს, პირველ მაისსაც, გაიმართება.

თუ ცხოვრობ რეგიონში, გსურს აქციას შეუერთდე, მაგრამ არ გაქვს თბილისში ჩასვლისა და დარჩენის შესაძლებლობა გაწევრიანდი ჯგუფში და მოქალაქეები ღამის გასათევით, საკვებითა და მგზავრობის თანხით დაგეხმარებიან.

რადიო „მარნეული“


„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები