სოფლის კრებები- ხალხის რეალური თუ ფორმალური საჭიროებების გადაჭრის მექანიზმი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები რამდენიმე წუთში დაამტკიცა. 27 მარტის საკრებულო, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გატვალისწინებული პროექტები დაამტკიცეს.
ეს იმ ფონზე, როდესაც შენიშვნა არც ოპოზიციიდან და არც მმართველი პარტიიდან არავის ჰქონია, არც კითხვა დაუსვამთ და თანხმობა ხმათა უმრავლესობით, ხელის აწევით დაადასტურეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენდა.

სოფელ წერეთლის საერთო კრება
მარნეულის 84 სოფლიდან უმრავლესობაში გარე განათების მოწყობა გადაწყდა. ეს პრაქტიკა გვაქვს 2019 წლიდან. მას შემდეგ, რაც პროგრამა მარნეულში ამოქმედდა და პრიორიტეტების შერჩევის მიზნით მუნიციპალიტეტმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. სოფლის კრებებს ქვემო ქართლში მონიტორინგს უწევდა პლატფორმა სალამი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი აიჰან ჰასანლი ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები ფორმალურია და მათ საჭიროებებს ნაკლებად ასახავს. სოფლებში საერთო კრებებზე მუნიციპალიტეტს მოსახლეობის მობილიზება უჭირდა. კრებები ხშირ შემთხვევაში კი ლეგიტიმაციას მასწავლებელთა ხელმოწერების ხარჯზე იღებდა.



„ორი წელია, რაც ამ სხდომებს ვაკვირდებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წელს არსებული დარღვევები არსებითად გამოვლინდა ამ წელსაც. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ თვითონ მუნიციპალიტეტი, მათი თანამშრომლები ამ პროცესს უყურებენ როგორც ფორმალურს და არა მნიშვნელოვან პროცესს. ფორმალურად უყურებდნენ ამ პროცესს, რომ ეს იყო მათი ვალდებულება, უნდა ჩაატარონ სხდომები და ოქმი უნდა გააფორმონ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მთავარი მიზანი არის ხალხი იყოს ჩართული, იყოს გადაწყვეტილების მიმღები, ეს ნება არსებითად იყო დაცლილი. ჩვენ როგორც ვიცით, კანონით არის განსაზღვრული ის, რომ ხალხმა თავად უნდა წამოაყენოს პრიორიტეტები ჩვენი დაკვირვებით ამ ყველაფერს ან სოფლის წარმომადგენელი იყო მზა პროექტით მოსული, ან ხშირ შემთხვევაში ხალხის მხრიდან არ იყო პროექტის წარდგენის შემთხვევები. ზოგჯერ იყო წარდგენილი პროექტები, მაგრამ თვითონ მუნიციპალიტეტის მხრიდან არ ხდებოდა თანხის 200%-ით გაზრდის შესაძლებლობა. ვიცით, რომ კანონით არის განსაზღვრული, რომ თუ შესაბამისი თანხა არის მცირე, მაგალითად 12 000 ლარი, მუნიციპალიტეტს შეუძლია 200%-ით გაზარდოს. ამის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება იყო ძალიან იშვიათი შემთხვევა" -
ამბობს აიჰან ჰასანლი.

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ზოგიერთ სოფელში ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიც დაუმატა და თანადაფინანსებით მერიამ 406 000 ლარი გამოყო. სოფლის კრებები ფორმალური ხასიათის რომაა ამას ადასტურებს მარნეულში მცხოვრები მარიამ სამხარაძე და ამბობს, რომ კრებებზე დასწრების სურვილი ხშირ შემთხვევაში არ აქვს.

სოფლის კრება თაზაქენდში, მერიის წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ
"ერთხელ ვიყავი ამ კრებებზე და წინასწარ ხელმოწერილი ფურცლები ჰქონდათ, რაღაც ინიციატივა იყო სარწყავ წყალზე და ჯერ ხალხი ვერ შეგროვდა. ასე მგონია, რომ რასაც რწმუნებული, ან შეიძლება იმ სოფლის მაცხოვრებელი, რომელიც მერიაში მუშაობს ისინი გადაწყვეტენ ხოლმე რა უნდა გაკეთდეს, ძალიან ფორმალური არის და არც მაქვს ხოლმე სურვილი წასვლის" -
ამბობს სოფელ თამარისში მცხოვრები მარიამ სამხარაძე.

სოფლის კრებების დროს ხალხის ინტერესების გათვალისწინებას ეჭვქვეშ აყენებს საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნარგიზა ალიევა და ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები ფასადურია.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ცხადდება მოსახლეობისთვის, მაგრამ იქ შეკრებილების უმეტესობა არის სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერი. ხალხის მიერ დაყენებულ პრობლემას არ ითვალისწინებენ. მე ამას უბრალოდ ფორმალურ პროექტს ვუწოდებ. ადგილობრივ ხელისუფლება რაიმე პროექტი რომ გამოაქვს საკრებულოს განხილვაზე, ან რამის განხორციელება სურთ, არასდროს გვაწვდიან სრულ ინფორმაციას საკრებულოს დეპუტატებს. ეს გავაპროტესტე მე. მალ-მალე გავდივართ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და არც წინასწარ არც შემდგომ ამ პროექტებზე ინფორმაციას არ გვაწვდის არავინ. რამდენჯერ მოვითხოვე ინფორმაცია და არაფერი არ გამოუგზავნიათ ჩემთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს საჩივრითაც მივმართავ, ვინაიდან აქ როგორც დეპუტატის, უფლებებიც ირღვევა. სოფლის პროგრამის პროექტები რამდენადაა სოფლისთვის პრიორიტეტული, რამდენადაა ხალხის სურვილი გათვალისწინებული, ეჭვებს იწვევს ჩემში." - ამბობს ნარგიზა ალიევა.

სოფლის კრებების ფორმალურობის საპირისპიროს გვიმტკიცებს მარნეულის მერია და საკრებულო. მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრები მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება. რაც შეეხება საკრებულოს, რომელიც ბიუჯეტირების ნაწილს განსაზღვრავს და ვალდებულია იცოდეს რამდენად არის პროექტები მოსახლეობაზე მორგებული, საკრებულოს თავმჯდომარე რადიო "მარნეულის კითხვებს" : რამდენად გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდა კრებები, იყო თუ არა გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები პრიორიტეტების შერჩევისას, ამირან გიორგაძე გვპასუხობს, რომ მოსახლეობა მათთვის პრიორიტეტული პროექტებს ირჩევს.

" ჩვენ თითოეულ სოფელში შევხვდით მოსახლეობას, მოვისმინეთ მათი საჭიროებები , რათა ერთად ვიმსჯელოთ გადაჭრის გზებზე. მისასალმებელია, რომ ადგილობრივები აქტიურად იყვნენ ჩართული, ესწრებოდნენ სოფლის საერთო კრებებს და თავად წყვეტდნენ, რა საკითხი მოგვარდება საკუთარ სოფელში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. დიახ ვესწრებოდი სოფლის საერთო კრებებს და მინდა გითხრათ, რომ ასეთი კომუნიკაცია, არა მარტო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, არამედ ისეც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება." - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ .

სოფლის რამდენიმე კრებას საკრებულოს თავმჯოდამარე, ამირან გიორგაძეც ესწრებოდა

მარნეულის მერიამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, სოფლების მიხედვით სად რა პრიორიტეტული საკითხები გამოიკვეთა, რომელთა ასახვა 2024 წლის ბიუჯეტში ვერ შეძლეს, არც ის დაგვიკონკრეტეს რომელ წლებში გაითვალისწინებდნენ მოსახლეობის სხვა საჭიროებებს.



სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მთავარი პრინციპი მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და მათი აზრების გათვალისწინებით რომ უნდა ხდებოდეს, ამას გვიდასტურებს დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს თავმჯდომარე ეკატერინე ციმაკურიძე და განმარტავს, რომ მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვა მერის ვალდებულებაა, ხოლო ამ პროგრამის ფარგლებში პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკრებულოა. სწორედ ეს ორგანო უნდა დაინტერესდეს რამდენად ასახავს მერიის მიერ დასაფინანსებლად წარმოდგენილი პროექტი მოსახლეობის რეალურ საჭიროებას.

„საკრებულოს მიერ აღნიშნული პროექტების დამტკიცება არ შეიძლება გაგებული იყოს ისე, თითქოს საკრებულო ავტომატურად ამტკიცებს ნებისმიერ პროექტს, რასაც მერი წარუდგენს. საკრებულომ უნდა შეამოწმოს რამდენად შეასრულა მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები. მაგალითად, შესაბამის სოფელში თუ დასახლებაში მცხოვრები მთლიანი მოსახლეობიდან რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კონსულტაციებში, კონკრეტულად როგორ მიეწოდა ინფორმაცია მოსახლეობას კონსულტაციების გამართვის შესახებ და რა ინფორმაცია გაავრცელა მერიამ, რა საჭიროებები დასახელდა კონსულტაციების დროს მოსახლეობის მიერ, დასახელებული საჭიროებებიდან რომელი შეირჩა საბოლოოდ და რატომ. პროექტის დამტკიცება ნიშნავს, რომ საკრებულო უნდა დაინტერესდეს რამდენად ასახავს მერიის მიერ დასაფინანსებლად წარმოდგენილი პროექტი მოსახლეობის რეალურ საჭიროებას, ვინაიდან მთავრობის დადგენილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება მხოლოდ ამ პირობით შეიძლება იქნას გამოყენებული.“

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამტკიცებ, რომ პროექტის არჩევა საერთო კრებაზე ხდება , რასაც ადგილობრივები საკუთარი ხელმოწერით ადასტურებენ და დგება ოქმი, ამიტომ მიიჩნევს, რომ შეუძლებელია რომელიმე სოფელში განხორციელდეს ის პროექტი, რაც მოსახლეობას არ სურს. იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივების აზრი საკითხებთან მიმართებაში განსხვავებულია. ის პროექტი, რომლის განხორციელებაც მოსახლეობას სურს მისი გათვალისწინება ადგილობრივ ბიუჯეტში მოხდება.

ეკატერინე ციმაკურიძე გვეუბნება, რომ თუ კრებაზე ისეთი საკითხები დასახელდა, რომლის დაფინანსებაც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ ვერ შეძლო, სწორედ საკრებულომ უნდა იზრუნოს თანადაფინანსებასა და დონორული დაფინანსების მოძიებაზე.

„ თუ დასახელებული იყო ისეთი საჭიროება, რომლის დაფინანსებისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი და ამის გამო არ მოხდა პროექტის შერჩევა, საკრებულომ უნდა იმსჯელოს საკუთარი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაზე ან დონორული დაფინანსების მოძიებაზე. ყველა ეს საკითხი უნდა გახდეს მსჯელობის საგანი საკრებულოს სხდომაზე, სადაც ოპოზიციაც მონაწილეობს და სადაც დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღება. საკრებულოს ცალკეული წევრების მონაწილეობა მოსახლეობასთან კონსულტაციებში ვერ იქნება მიზეზი, რომ საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხებზე მსჯელობა არ გაიმართოს. ასეთი მსჯელობების გარეშე საკრებულოს მიერ პროექტების დამტკიცება არის მხოლოდ ფორმალობა და შეიძლება არ ასახავდეს მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს. გარდა ამისა, იმ ხარვეზებით, რაც სახელდება მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, უნდა დაინტერესდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც, რადგან ამ სამინისტროს ფუნქციაა განახორციელოს დარგობრივი ზედამხედველობა იმ მუნიციპალურ პროგრამებზე, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.“ - ამბობს ციმაკურიძე.

2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მარნეულში 26 თებერვალს დასრულდა. ამ დრომდე არ დაწყებულა სამუშაოები შერჩეულ პროექტებზე. პროექტების განხორციელებას ზედამხედველობა საკრებულომ უნდა გაუწიოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები