რა შემთხვევაში გაქვთ მარნეულის დატოვების უფლება
- შევძლებ თუ არა მარნეულის ისე დატოვებას, რომ კარანტინი არ გავიარო?

- კიდევ მოქმედებს კარანტინს ვადა მარნეულის დატოვების შემთხვევაში?
- მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რადიო მარნეული იღებს. არაერთი ადამიანი ჩარჩა მარნეულში მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შემდეგ.   ინფორმაციის გადასამოწმებლად და შესაბამისი პროცედურების გასაგებად,  მარნეულის მერის მოადგილეს ზაურ ტაბატაძეს მივმართეთ, რომელიც მუნიციპალიტეტის დატოვების მსურველთა საკითხებს კურირებს.  როგორც ტაბატაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, მარნეულის დატოვების შემთხვევაში აუცილებელი იქნება ორკვირიანი კარანტინის გავლა.

„პირებს, ვისაც უნდათ მარნეულის ტერიტორიიდან გავლა, აუცილებელი პირობაა 14 დღიანი კარანტინის გავლა. ამისთვის ორგანიზებულად კეთდება მოსახლეობის ინფორმირება და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის მეშვეობით ხდება ტრანსპორტირება. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გამსვლელები სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადადიან,  ამ პროცესში ჩართულია საპატრულო პოლიცია, ისევე როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები“ , - თქვა ზაურ ტაბატაძემ.

მარნეული  მკაცრ კარანტინის ზონად 23 მარტს გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით კი მუნიციპალიტეტის ტერიტორია 303-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერიის ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა ირინე მაჭარაშვილმა გვითხრა. 

„მაგალითად, გუშინ, მუნიციპალიტეტის ტერიტორია 42-მა მსურველმა დატოვა, ჯამში 303-ია გასული. დღეს სიაში კიდევ 25 ადამიანი გვყავს, სავარაუდოდ, ოცდახუთივე გავა დღეს.  საკარანტინე ზონებში განთავსებას განსაზღვრავს ტურიზმის დეპარტამენტი, იმის მიხედვით რა რაოდენობა მიდის, რამდენი ადამიანი უნდა განთავსდეს ერთ ოთახში (ეს სურვილის მიხედვით ხდება) ამ ყველაფერს განსაზღვრავს  ტურიზმის დეპარტამენტი და გვიგზავნის სასტუმროს ჩამონათვალს“

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს,  თვითიზოლაციის გავლა სახლში სურს და ამისთვის ყველა პირობა აქვს,  როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ამ საკითხს მერია არ წყვეტს.

„ამას წყვეტს ჯანდაცვის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი, ინფექციონისტები. ძირითადად დატოვება შესაძლებელია საკარანტინო სასტუმროს პირობებში (14 დღიან ვადაში)“

რაც შეეხება არასრულწლოვანთა საკითხს, როგორც ირინე მაჭარაშვილმა გვითხრა, 18 წლამდე პირებს მარნეულის დატოვება მხოლოდ მშობელთან ერთად შეუძლიათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის დატოვების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ირინე მაჭარაშვილს:  599 85 72 77

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. არნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. ჯერჯერობით უცნობია მარნეულის გახსნის თარიღი. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები