მარნეულის მერია დაზიანებული პარკის ინვენტარზე პოზიციას "ფეისბუკ" პოსტით ავრცელებს
„საჭიროა დაჩქარდეს რეკრეაციული სივრცის მოვლა-შენახვა“ - ამ განცხადებას ადგილობრივი თვითმმართველობის "ფეიისბუკ" გვერდზე ვხვდებით. საუბარია სულ რაღაც ოთხი თვის წინ გახსნილ მარნეულის ცენტრალურ პარკზე, სადაც ინვენტარის ნაწილი უკვე დაზიანებულია. რადიო „მარნეულმა“ 22 ივნისს მოამზადა მასალა, სადაც რეკრეაციული ზონაში არსებულ სიტუაციაზე გიამბეთ. მერიიდან კომენტარი არავის გაუკეთებია, გვითხრეს, რომ საკუთარ პოზიციას ფეისბუკ პოსტით გამოხატავდნენ. როგორც მათი განცხადებიდან ჩანს, მერიამ თვეების განმავლობაში პარკის მოვლა-შენახვის ვალდებულება პანდემიის გამო ვერავის დააკისრა.

„სამწუხაროდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სკვერში, სისტემატურად ფიქსირდება ვანდალური ფაქტები, რომელიც გამოიხატება ტერიტორიაზე განთავსებული ინვენტარის და მწვანე ნარგავების დაზიანებებით. გამომდინარე აქედან, მყისიერი რეაგირების მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებთან ერთად, სკვერი დაათვალიერა და გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, სპეციალისტების მიერ, შეფასდა არსებული მდგომარეობა და გადანაწილდა უახლოეს დღეებში გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელ ორგანოებსა და პირებზე. ყოველივეზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა დაჩქარდეს რეკრეაციული სივრცის მოვლა-შენახვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფის საკითხის გადაჭრა, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ობიექტური მიზეზების გამო იქნა შეფერხებული.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე დგას სათვალთვალო კამერები, რომელიც ამუშავდება და სხვადასხვა ვანდალური ფაქტებისა და ინციდენტების პრევენციის მიზნით დაიწყება ტერიტორიის მკაცრი კონტროლი. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ გარემოს და მუნიციპალიტეტის იერ- სახეს, ვინაიდან აღნიშნული სკვერი ჩვენი მუნიციპალიტეტის „სავიზიტო ბარათია“.

აღსანიშნავია, რომ განცახდებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რა შეფასება გააკეთეს სპეციალისტებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ. რადიო "მარნეული" ცდილობდა საჯარო მოხელეებთან თემის გარკვევას, თუმცა ნაწილი ჩვენს ზარებს არ პასუხობდა. მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ, კი მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან მარიამ ხაჩიძესთან გადაგვამისამართა, რომელმაც გვითხრა, რომ დეტალურ ინფორმაციას მერიის ფეისბუკ გვერდზე განათავსებდნენ.

ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები