ესაა უმადური და კომპლექსიანი კაცის განცხადება - თამაზ ნავერიანი ამირან გიორგაძეზე
მეცხრე მოწვევის პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის მიერ მარნეულის „სპორტსკოლის“ შესახებ გაკეთებული განცხადება უმადური და კომპლექსიანი კაცის განცხადებად შეაფასა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თამაზ ნავერიანმა განაცხადა, რომ ამირან გიორგაძე ვერც საკუთარ და ვერც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციებში ვერ გაერკვა.

„ესაა საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შეფასება, გაურკვეველი ადამიანის შეფასება. ვერ ერკვევა მის ფუნქციებში და მითუმეტეს მოადგილის ფუნქციაშიც ვერ გაერკვია საკრებულოს თავმჯდომარე და გააკეთა ეს განცხადება. რამე მუხლი მოიყვანოს, რაა კანონდარღვევა და სად წერია, რომ არ შეუძლია საკრებულოს მოადგილეს მოიძიოს ინფორმაცია რომელიმე ააიპ-თან დაკავშირებით, მითუმეტეს, რაზეც მან (მამუკა ნავერიანმა) ისაუბრა ყველაფერი საჯაროა“ - განაცხადა თამაზ ნავერიანმა

29 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, კანონდარღვევასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

გიორგაძე, 28 დეკემბერს, მამუკა ნავერიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ნავერიანი მარნეულის მუნიციპალური ააიპ „სპორტული სკოლის“ ბიუჯეტის საჯარო განხილვას გამოეხმაურა. ნავერიანის განცხადებით, საჯარო განხილვა სპორტსკოლის მიმართ მიკერძოებული, აგრესიული და ტენდენციური იყო.

„მინდა ავღნიშნო, რომ აღნიშნულ მოსმენაზე მობილიზებულად იყო შეტავა სპორტული სკოლის წარმომადგენლებზე, ჰქონდა ადგილი მათ მიმართ ხმამაღალ საუბარს. მათ არ ჰქონდათ ადგილი და საშუალება რათა კითხვებზე გაეცათ პასუხი და საზოგადოებისათვის სრულყოფილად მიეწოდებინათ ის ინფორმაცია რაც ჯანსაღ გარემოში უნდა მიეწოდებინათ. მე ვფიქრობ, რომ მარნეულის სპორტსკოლის აღსაზრდელები არ იმსახურებენ საკრებულოს თავმჯდომარისაგან მსგავს დამოკიდებულებას“ - განაცხადა მამუკა ნავერიანმა 28 დეკემბერს მარნეულის ტელევიზიის ეთერში

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თამაზ ნავერიანმა განაცხადა, რომ ამირან გიორგაძის მიერ მისი ძმისშვილის კანონდარღვევაში დადანაშაულება ყველასათვის მოულოდნელი იყო.

„სხვათაშორის, ყველა გაკვირვებულია, მაგრამ ეს არის უმადური კაცის და კომპლექსიანი კაცის განცხადება. კომპლექსები აქვს ამ კაცს და საერთოდ არც გუნდურობის ფასი იცის და არც ის იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში“ - გვითხრა თამაზ ნავერიანმა

მეცხრე მოწვევის პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ამირან გიორგაძე სხვა პირების დავალებას ასრულებს და მალევე გახდება ცნობილი, თუ ვინ დგას მის უკან.

თამაზ ნავერიანი თვლის, რომ მან და მისმა ოჯახმა მარნეულში სპორტის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ნავერიანის თქმით, მარნეულში სპორტის განვითარება ჯერ კიდევ 90-იან წლებში მისმა ძმამ თენგიზ ნავერიანმა დაიწყო. ხოლო შემდეგ სპორტსკოლა მუნიციპალურ ბალანსზე გადავიდა.

„იმ პერიოდში სპორტს ზოგადად უნდოდა გვერდში დგომა და ეს კეთდებოდა ჩვენი კეთილი ნებით. შემდეგ სპორტსკოლა საბიუჯეტო ორგანიზაციად გავხადეთ და სექციების დონეზე დავიწყეთ ჩვენ სპორტის განვითარება მარნეულში. ამას ვაკეთებდით მე და ცხონებული თენგიზ ნავერიანი, მისი შვილია მამუკა და მან კარგად იცის თუ როგორი მდგომარეობაა სპორტსკოლაში“ - გვითხრა თამაზ ნავერიანმა

ნავერიანის განმარტებით, ამ წლების მანძილზე სპორტსკოლის მოწაფეებს ბევრი წარმატებისათვის მიუღწევიათ სწორედ ამიტომ, მისთვის გაუგებარია გიორგაძის ბრალდება, რომ სპორტსკოლა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები