სამირა - საიდან იწყება ბრძოლა
მარნეულელმა სამირა ბაირამოვამ სოციალური აქტივობა უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ დაიწყო. სკოლაში სწავლის პერიოდში სამირას ურთიერთობა მხოლოდ მასწავლებლებთან და კლასელებთან ჰქონდა. ეგონა, რომ ყველა ადამიანი კარგი იყო და საზოგადოება მას უპრობლემოდ მიიღებდა, მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ აღმოაჩინა, რომ „პატარა სამყაროს“ მიღმა, რომელშიც მან ბავშვობა გაატარა, ცხოვრება ადვილი არ იყო.

ხმის ამოღებისა და პრობლემებზე საუბრის დაწყების გამო სამირა საზოგადოების ნაწილმა გარიყა, არ მოსწონდათ გოგო, რომელიც შელამაზების გარეშე ამბობდა სიმართლეს და საკუთარ უფლებეს იცავდა. საზოგადოების წნეხის გამო სამირამ ერთი პერიოდი სოციალური აქტივობა შეწყვიტა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ გაჩუმება იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩააყენებდა, ვიდრე მანამ იყო.

„ერთი კვირის განმავლობაში სახლში ჩავიკეტე, ვამბობდი რომ ჩემი ოცნება დასრულებული იყო და აღარაფერი არ მინდოდა. ვამბობდი, რომ ვიქნებოდი ისეთი გოგო, როგორიც ხალხს უნდოდა, ისეთი პატიოსანი ადამიანი ვიქნებოდი, როგორსაც ისინი თვლიდნენ პატიოსნად. სახლში ერთი კვირა რომ გავატარე დავინახე, რომ გინდ აქტიურად იყავი, მაინც იგივე ბედი გელოდება, გინდ სახლში იყავი და შენს ერთ ოთახში ჩაიკეტო მაინც იგივე. მე ავირჩიე ის გზა, რომ რაც მინდოდა ის გამეკეთებინა“.

სამირა წარსულს ახლა სიამაყით იხსენებს, ამბობს, რომ ყველა სირთულემ, დაბრკოლებამ, შეურაცხყოფამ და ბრძოლამ იქამდე მიიყვანა, სადაც ახლაა.

ახლა სამირა მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამოქალაქო აქტივისტია. ის ძირითადად ეთნიკური უმცირესობებისა და ქალთა უფლებებზე მუშაობს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები