რას ჰპირდება "ენმ"-ს მერობის კანდიდატი მარნეულელებს
ელდარ მუსტაფაევი „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატია. მისი პოლიტიკური კარიერა 2003 წელს ამავე პარტიით დაიყო, თუმცა წლების შემდეგ კერძო ბიზნესში გადაინაცვლა. ახლა კვლავ პოლიტიკაში ბრუნდება.

როგორც მუსტაფაევი რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, კანდიდატურას ქვეყანაში და მარნეულში შექმნილი რთული ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების გამო დასთანხმდა. მთავარ პრობლემად მუნიციპალიტეტში უმუშევრობას ასახელებს. ამბობს, რომ არაერთ სოფელში იყო, სადაც ახალგაზრდები თითქმის ვერ ნახა, რადგან მათი უმრავლესობა სხვა ქვეყანაშია სამუშაოდ წასული.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ორჯერ ვიყავი ზედიზედ არჩეული საკრებულოში დეპუტატად, ვიყავი კომისიის თავმჯდომარე და ბიუროს წევრი. რომ შევხედე მარნეულის დღევანდელობას და არა მარტო, ყოველდღე რომ უკან-უკან მიდის ნაციონალური მოძრაობის დროს გაკეთებული საქმეები,რომ არის უმუშევრობა , სიღარიბე. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე შემოთავაზებას დავთანხმებულიყავი. ჩემ გუნდთან ერთად ავიღე ბევრი პასუხისმგებლობა და თუ გავიმარჯვებთ, ამ შემთხვევაში,ისევ წინ წავა ჩვენი ქვეყანა. აღარ იქნება ასეთი ჩამორჩენილი. დღეს ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფით და ჩვენი პრემიერ-მინისტრი იმას იძახის არ გვინდა ევროპაო. “


მუსტაფაევი ამბობს, რომ გარდა სამუშაო ადგილების შექმნისა, გამარჯვების შემთხვევაში მარნეულელებს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებასაც ჰპირდება.

„რომელ სოფელშიც არ უნდაწახვიდე, ყველა ერთი და იმავე პრობლემას გეტყვის, რომ არის სასმელი წყლის პრობლემა, არის სარწყავი წყლის პრობლემა, გზის პრობლემა. ეს პრობლემებია სულ ხალხის ფიქრში. ხალხი იმას ვეღარ ხედავს, რომ განათლების პრობლემა გვაქვს, უკნ მიდის ჩვენი ქვეყანა და მარნეული, აღარ არის სიმშვიდე. გავიარე სოფლებში, ახალგაზრდებს ვერ ნახავთ. არ არსებობს ოჯახი მარნეულში, რომ იქ ახალგაზრდა იყოს ყველა არის წასული და იქიდან არჩენენ ოჯახებს. თუ გავიმარჯვებთ, უფრო მეტი ინვესტიცია გვექნება, უფრო კარგად ვიცხოვრებთ“

კითხვაზე თუ რა გავლენა იქონია მარნეულში ორი პარტიული ლიდერის, აზერ სულეიმანოვის და აგილ მუსტაფაევის თვითმმართველობს არჩევნებიდან ჩამოშორებამ მის გამარჯვების შანსებზე, ელდარ მუსტაფაევი ამბობს, რომ ამით მათი პარტია არ დაშლილა.

„მემგონი, უცვლელი ადამიანი არ არსებობს. თუ აზერ სულეიმანოვი წავიდა, აგილ მუსტაფაევი წავიდა და მის მაგივრად დღეს ელდარ მუსტაფაევი ან სხვა მოვიდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაიშალა ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ როგორც ვიყავით უფრო კარგი გუნდი შევქმენით და ამ გუნდთან ერთად ვიბრძოლებთ“

ელდარ მუსტაფაევი 1970 წლის 13 აპრილს, მარნეულში დაიბადა. 1999 წლიდან ასწავლიდა სოფელ აღკულას საჯარო სკოლაში. იყო აღკულას საჯარო სკოლის დირექტორი 2005-2006 წლებში. 2003 წლიდან არის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულს“ ინტერვიუს ჩაწერა უნდოდა ქართული ოცნების მერობის კანდიდატთანაც, თუმცა ქენან ომაროვი რამდენიმე დღეა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები