მიიღებს თუ არა აფხაზეთის ომის გმირი მშობლიურ ქალაქში აღიარებას
მარნეულელი იანვარ (ენვერ) უმბატოვი აფხაზეთის ომში იბრძოდა. 1993 წლის 4 ივნისს სამხედრო დავალების წარმატებით შესრულების შემდგომ უკან დაბრუნებისას ჩასაფრებაში მოყვა, თანამებრძოლები სიკვდილს გადაარჩინა თავად კი დაიღუპა.
თუმცა მის სახელს ვერ იპოვით საქართველოსთვის თავდადებული გმირების მემორიალზე მარნეულში.
____________________

თეიმურაზ გელაშვილი, გია რომელაშვილი, იური ნადირაძე, ელდარ მანთაშაშვილი, დავით ფარჯიანი, ზაზა ბოჭოიძე, გიორგი ტატუაშვილი, რომან ზოიძე და მამუკა შუბითიძე - ეს საქართველოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალზე დატანილი მარნეულელი გმირების სახელებია. ისინი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს/სამხრეთ ოსეთის ომში დაიღუპნენ.
ამ მემორიალზე არ არის არცერთი ეთნიკური აზერბაიჯანელი, რომელიც 90-იან წლებში ან 2008 წლის ომში იბრძოდა საქართველოსთვის.
ენვერ უმბატოვის ოჯახი მერიას სთხოვს საქართვცელოსთვის დაღუპული ჯარისკაცის სახელობის ქუჩის გახსნას ან, სულ ცოტა, მემორიალზე მისი სახელის დაწერას, მაგრამ მათ თხოვნას მარნეულის მერიაში უკვე ორი წელია უპასუხოდ ტოვებენ.

რატომ უნდა იყოს მარნეულში ენვერ უმბატოვის სახელობის ქუჩა/ძეგლი/მემორიალი?

მარნეულელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა წლებია, მუშაობს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხზე. მისი თქმით, აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს, რომ რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ.

ორი წლის წინ, მან მარნეულის მერიას მიმართა პეტიციით, რომელსაც ხელს 1 600-მდე ადგილობრივი აწერდა, რათა მერიას უმბატოვის სახელობის ქუჩა გაეხსნა, დაედგა მისი ძეგლი და დაეწერა მისი სახელმი საქართველოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალზე, თუმცა უშედეგოდ.


ვინ არის ენვერ უმბატოვი?

იანვარ (ენვერ) უმბატოვი 1950 წლის პირველ ინავარს მარნეულის მუნიციპლაიტეტის სოფელ ალგეთში დაიბადა. მისი ოჯახი საცხოვრებლად რუსთავში გადავიდა. და ენვერმა სკოლა რუსთავის მე-12 სკოლაში დაამთავრა. ის რუსთავის მეტალურგიურ ქარხანაში მუშაობდა და პარალელურად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რუსთავის ფილიალის მეტალურგიის მიმართულებაზე.
სწავლის დასრულების შემდეგ, უმბატოვმა სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის პოლონეთში განლაგებულ სარაკეტო თავდაცვის შენაერთში გაიარა, საიდანაც საქართველოში ლეიტენანტის წოდებით დაბრუნდა.

1994 წლის 30 დეკემბერს, ენვერ უმბატოვს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, საბრძოლო ველზე გამოჩენილი გამბედაობისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი გადაეცა. მისი სახელი წერია თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირებისათვის აღმართულ მემორიალზეც, მაგრამ მარნეულში, სადაც ის დაიბადა, გმირთა მემორიალზე, უმბატოვის სახელი არაა, თუმცა მის მემორიალს რუსთავში შეხვდებით.

სამირა ბაირამოვა ადგილობრივი თვითმმართველობის მხირდან იანვარ უმბატოვისადმი დამოკიდებულებას ადგილობრივების, აფხაზეთის ომისა და მისი გმირების მიმართ უპატივცემულობად მიიჩნევს.


ვაგიფ ბაირამოვი

აფხაზეთის ომში იბრძოდა კიდევ ერთი მარნეულელი, ვაგიფ ბაირამოვი. ის ომიდან ცოცხალი დაბრუნდა და გარდაიცვალა 2006 წელს, 44 წლის ასაკში. მისი შვილი ნუბარ ბაირამოვა იხსენებს, რომ მამა ომის დაწყებისას რეზერვში იყო, მაგრამ ბრძოლის ველზე გასვლა თავად გადაწყვიტა.

მამა რომ გარდაეცვალა, ნუბარი მეათე კლასში იყო, თუმცა დღემდე ახსოვს როგორ ესაუბრებოდა ბავშვობაში საქართველოზე, მის ისტორიასა და პატრიოტიზმზე:

„მამა სიცოცხლის ბოლომდე სამხედრო იყო, მარნეულში ჯარში მუშაობდა და საქართველოს ისტროიას ასწავლიდა. ალბათ, სწორედ ამიტომ ჰქონდა პატრიოტიზმის ასეთი დიდი განცდა და ჩვენც, ბავშვები, სწორედ ასე აღგვზარდა. ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ეთნიკურობასო. მახსოვს როგორ ეუბნებოდნენ ხოლმე ბიძაშვილები მამას რომ აი, კინაღამ მოკვდი მიწის გამო, იმ მიწის გამო რომელიც შენი არააო და მამა სულ ბრაზდებოდა ამაზე. ამბობდა, რომ ჩვენ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და ეს მიწაც ჩვენიაო, რომ მოვკვდებით ხომ აქ უნდა დავიმარხოთო, ამის გამო ძალიან ბრაზობდა ხოლმე. ომის შემდეგ მედალი მიიღო და ვინმე რომ მოდიოდა ჩვენთან ყოველთვის იღებდა ამ მედალს და სიამაყით საუბრობდა“. - ამბობს ნუბარი.

ვაგიფ ბაირამოვის გარდაცვალების შემდეგ ნუბარმა გადაწყიტა მოეძია ინფორმაცია, შეძლებდა თუ არა ოჯახი რაიმე სახის დახმარების მიღებას სახელმწიფოსგან. ბაირამოვს 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა და ამიტომ ნუბარს სურდა გარკვეული დახმარება მიეღო სახელმწიფოსგან, მაგრამ გაარკვია, რომ მას და მის ოჯახს სახელმწიფო დახმარებას ვერ გაუწევდა.

ნუბარიც მიიჩნევს, რომ მარნეულში მამამისის სახელობის ქუჩა უნდა არსებობდეს, რათა ადგილობრივებმა გიგონ, რომ საქართველოსათვის მათმა თანამემამულეებმა იბრძოლეს და თავი გასწირეს.

„ქუჩის სახელის მინიჭება ძალიან ადვილია, წლების განმავლობაში რუსული სახელები ერქვათ ამ ქუჩებს და რა მოხდება რომ ერთ-ერთი ქუჩა იყოს ვაგიფ ბაირამოვის სახელობის?“ - ამბობს ნუბარი - „სამწუხაროდ პანდემიის შემდეგ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი, გარკვეულწილად გარიყული გამოჩნდა. ისევ დაიწყო ძველებური სიტყვები „წადით ამ ქვეყნიდან“ და აზერბაიჯანელები ამბობდნენ რომ „ჩვენ არ ვართ საქართველოს ნაწილი“. ამიტომაც არის აუცილებელი, ადამიანები, ვინც ამ ქვეყნისთვის რამე გააკეთეს, დაფასდნენ. ამით მე დაფასებულად ვიგრძნობ თავს და ჩემი სანათესაოც, რომელიც 150-ზე მეტი ოჯახისაგან შედგება და ხომ ხვდებით ჩვენ რამდენად კმაყოფილი ვიქნებით და რამდენად მოგვემატება სიყვარული იმ ქვეყნისადმი სადაც ვცხოვრობთ, სადაც რამის გაკეთება გვსურს“.

1990-იანებშიც და 2008 წელსაც რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქვეყნისთვის იბრძოდნენ, ცხადია, თუმცა დოკუმენტურად ამას მხოლოდ „საქართველოს მეომართა კავშირის“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები მოწმობს.

მარნეულის მერიაში გვითხრეს, რომ არ იციან, რამდენი ადამიანი იბრძოდა საქართველოს არმიაში შეიარაღებული კონფლიქტების დროს.

„სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები როგორ უნდა დაიმახსოვროს ადამიანმა ამდენი ათასი ადამიანის სახელი, ვინც ომში დაიღუპა, მაგრამ აუცილებელია, რომ მოხდეს თავად ომის შესახებ და 90-იანი წლების შესახებ მეტი კვლევა, მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის. თავად პოლიტიკური და სამხედრო პროცესი უნდა იყოს შეფასებული, რომ საზოგადოებას ამაზე ინფორმაცია ჰქონდეს“ - ამბობს ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი - „საქართვლოს რეალობაში პოლიტიკური ელიტა არ ინტერესდება იმით, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია აფხაზეთის ომის შესახებ.“

თავდაცვის სამინისტროს ვეტერნების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გვითხრეს, რომ ისინი ვეტერნებს ეთნიკური ნიშნით არ გაარჩევენ - „ყველა ვინც საქართველოსთვის იბრძოლა ჩვენთვის ერთიაო“ - თუმცა ფაქტია, მარნეულელი ენვერ უმბატოვის სახელი მარნეულელ გმირთა მემორიალზე დღემდე არ წერია.

მარნეულის მერი რადიო „მარნეულთან“ იანვარ უმბატოვის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. რამდენიმე კვირის განმავლობაში მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფლებას ვთხოვდით მერთან ინტერვიუს ჩაწერას, მაგრამ მასთან გასაუბრება ამ დრომდე ვერ შევძელით.
მარნეულის მერიამ ოფიციალური წერილის პასუხად მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სოფელ ალგეთში ქუჩების სახელდების პროცესში განხილული იქნება რომ ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს იანვარ უმბატოვის სახელი.
მერიაში, წერილობით, ასევე განმარტავენ, რომ ქალაქ მარნეულში მდებარე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალზე მხოლოდ იმ ადამიანების სახელი და გვარია მითითებული, ვინც გაწვეული იყო მარნეულის სამხედრო კომისარიატში. მოკვლევის საფუძველზე მერიამ დაადგინა, რომ იანვარ უმბატოვი მარნეულის სამხედრო კომისარიატიდან გაწვეული არ ყოფილა - „იანვარ უმბატოვი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. რუსთავსი, შესაბამისად, სამხედრო აღრიცხვაზე იქნებოდა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ქ. რუსავის სამხედრო კომისარიატში“ - შესაბამისად მარნეულის მემორიალზე მისი სახელი ვერ მოხვდა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები