საგარეო უწყება - საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის
საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს.

მათივე ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვანი ფორმატია ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად და პროგრესის მისაღწევად.

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, მოსკოვი ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე გადატანას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადეს. მათი თქმით, განიხილება მინსკი და ბაქო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები