შალვა პაპუაშვილი - ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ღია კარის პოლიტიკად რჩება, საუბარი, თითქოს საქართველო ინსტიტუციურად არ არის მზად შემდეგი ეტაპისთვის, მხოლოდ საბაბია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად და სამხედრო კუთხით სრულად თავსებადია ნატო-სთან.

პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხრივ, ნატო-ს არ აქვს არანაირი მიზეზი, რომ საქართველო შემდეგ ეტაპზე არ გადავიდეს.

„რაც შეეხება ნატო-ს, ნატო-ში წევრობას, ვფიქრობ, რუსეთის უკვე მერამდენე განმეორებითმა აგრესიამ და იმ ვითარებამ, რომელიც დღეს არის რეგიონში, ევროკავშირის თუ ევროპის რეგიონში, გვაჩვენა, რომ თუკი სადმე მშვიდობის საზღვარია, ეს არის ნატო-ს საზღვარი. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ, ღიად, სად გადის მშვიდობის ხაზი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მისწრაფება, რომელიც აქვს ჩვენს ხალხებს, ამ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს, იმ სურვილს, რაც ნიშნავს, რომ ვიყოთ ჩვენც, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, დაფარული ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგით, ჰქონდეს ადეკვატური გამოხმაურება ნატო-ს მხრიდან. 2008 წელს ითქვა, რომ ნატო-ს კარი ღიაა, თუმცა ღია კარის პოლიტიკა ჯერჯერობით რჩება მხოლოდ ღია კარის პოლიტიკად და ამ მხრივ დიდად წინ გადადგმული ნაბიჯები არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ მხრივ იყოს პროგრესი. ამაზე მქონდა საუბარი, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა არგუმენტი გამოიყენება ხოლმე, რათა გამართლდეს გადაწყვეტილება, რომ არ ხდება გაწევრიანების გეგმის მონიჭება თუ სხვა შემდეგ ეტაპზე გადასვლა, თუმცა, ვფიქრობ, დღეს უკვე ყველა ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია, გაცემულია როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, თვითონ ნატო-ს წევრი ქვეყნებიც დარწმუნდნენ, რომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი სიცხადე. ბუნდოვანება, როგორიც ჩვენ 2008 წლიდან გვქონდა, მხოლოდ აღრმავებს რისკებს. მნიშვნელოვანია მეტი სიცხადე ამ მხრივ. ასევე, რაც შეეხება თავად სახელმწიფოების მზაობას, საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ რეფორმაზე არის ხოლმე საუბარი, ვფიქრობ, ეს უფრო მეტად საბაბია, ვიდრე მიზეზი. ჩვენი ინსტიტუციური განვითარების მხრივ, არანაირი მიზეზი ნატო-ს არ აქვს, რომ არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

შევახსენებ ყველას, რომ ყველა, ნებისმიერი სანდო საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველო ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა ასპექტით. მაგალითისთვის გეტყვით, გამჭვირვალობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსების მიხედვით, საქართველო ნატო-ს წევრ 15 ქვეყანას უსწრებს, კანონის უზენაესობის და მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ნატო-ს ოთხ წევრ ქვეყანას უსწრებს საქართველო. ამიტომ საუბარი, თითქოს საქართველო ინსტიტუციურად, ვგულისხმობ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ არის მზად შემდეგი ეტაპისთვის, ეს არის მხოლოდ საბაბი და არა მიზეზი.

რაც შეეხება სამხედრო მზაობას, ჩვენი სამხედრო კონტინგენტის 80 პროცენტი სხვადასხვა სახით ჩართული იყო ნატო-ს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის საერთაშორისო მისიებში, არის სრულად თავსებადი ნატო-სთან. ამას თავად ნატო-ც აღნიშნავს. გარდა ამისა, ჩვენი კონტრიბუცია უსაფრთხოების საკითხებში რიგ შემთხვევაში აღემატებოდა ნატო-ს ზოგიერთი წევრი ქვეყნის კონტრიბუციას. მაგალითის სახით კიდევ ერთხელ მოვიყვან ავღანეთის მისიას, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო თავისი კონტიგენტით ავღანეთში, ხოლო აბსოლუტური რიცხვებით მეოთხე იყო თავისი რიცხოვნობით. ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც დღეს განსაკუთრებით გამოირჩევა ხოლმე ამ მხრივ საქართველოს მიმართ კრიტიკულობით, იმის მეათედიც კი არ ჰყავდათ ავღანეთში გაგზავნილი კონტინგენტი, რაც საქართველოს ჰყავდა. სადაც საბრძოლი იყო საერთო ღირებულებებისა და მშვიდობისთვის, საქართველომ ყველგან იბრძოლა და ამ მხრივ, ნატო-ს წევრ ქვეყნებზე მეტიც იბრძოლა. ამიტომ მნიშვნელოვანია, დამოკიდებულება, რაც საქართველოს აქვს ნატო-ს მიმართ და ის კონტრიბუცია შესაბამისად დაფასდეს“,
– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება MAP-ის საკითხს, პაპუაშვილის თქმით, საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ითქვა, შესაბამის დოკუმენტებშიც არის ჩაწერილი, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატო-ს წევრი.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ეს გარკვეული მინიშნებაა, რომ MAP-თან დაკავშირებული საკითხი შეიძლება, არც დადგეს.

„ჩვენ გვაქვს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი, რომ ქვეყანა მოემზადოს და გახდეს შემდეგ ნატო-ს წევრი. ფინეთის მაგალითზე – ახლა, სავარაუდოდ, შვედეთის მაგალითსაც მალე ვნახავთ – ვნახეთ, რომ ეს ინსტრუმენტები არის მხოლოდ პირობითობა, მთავარია ქვეყნის მზაობა და პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ ეს ორი საკითხი სახეზეა, მაშინ MAP-ის თუ სხვა ინსტრუმენტების საჭიროება არ არის. საქართველოსთან მიმართებაში უკვე დიდი ხანია, განსჯის საკითხია, რამდენად საჭიროა ეს და ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები