მარნეულელი პარლამენტარი ყველა კანონმდებლობის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის საჭიროებას ვერ ხედავს
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა საკანონმდებლო აქტი რუსულ ენაზე ითარგმნაება. პარლამენტის აპარატმა 2006 წელს მიიღო დებულება, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტები რუსულ ენაზე ითარგმნება.

მიუხედავად იმის, რომ აღნიშნულ დებულებაში ცვლილებები ხშირად შესულა, მათ შორის 2019 წელსაც, პარლამენტს მასში რუსულ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებული ცვლილებები არ შეუტანია.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა განაცხადა, მას აღნიშნულ დებულებასთან და პარლამენტის მიერ რუსულ ენაზე საკანონმდებლო აქტების თარგმნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ნავერიანი დაგვპირდა, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე თავად დაგვიკავშირდება.
რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული აქტების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა, ნავერიანმა გვიპასუხა, რომ „არაფერი არ დაშავდება და კარგი იქნება, თუ კანონმდებლობები ეროვნული უმცირესობების ენებზე იქნება თარგმნილი“.

ნავერიანისაგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს კიდევ ერთ მარნეულელ პარლამენტარს მახირ დარზიევს. მან ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონი და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნია. დარზიევი სხვა კანონმდებლობების აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის საჭიროებას ვერ ხედავს.

დარზიევი პრობლემას ვერ ხედავს საქართველოს კანონმდებლობის რუსულ ენაზე თარგმნაში და ამბობს, რომ კანონმდებლობა საერთაშორისო ენებზე ითარგმნება, მათ შორის ინფლისურ ენაზეც. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ ენაზე საქართველოს კანონმდებლობა არ ითარგმნება, რასთან დაკავშირებითაც დარზიევს ინფორმაცია არ ჰქონია.

გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ის აღნიშნულ თემას კარგად არ იცნობს და შემოგვთავაზა, რომ კვირის ბოლოს, მას შემდეგ რაც ის საკითხში გაერკვევა, კვლავ დავუკავშირდეთ.

მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან რუსლან გაჯიევმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტრამა აზერ სულეიმანოვმა რადიო „მარნეულის“ ზარებს არ უპასუხეს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები