#მე დიასპორა არ ვარ! - საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საპროტესტო ფლეშმობი
#მე დიასპორა არ ვარ!!! - ასე ეხმაურებიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლლები საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები გმობენ პარლამენტის მიერ ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვის გადაწყვეტილებას. მიაჩნიათ, რომ კატეგორიულად მიუღებელია უმცირესობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე, რაც აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს და უკან ხევს.
მათ, ფეისბუკზე ერთგვარი „ჩელენჯიც“ კი წამოიწყეს. მაგალითად, პლატფორმა „სალამის“ წევრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ფოტოს წარწერით #მე დიასპორა არ ვარ და საკუთარ გვრდზე ოთხ ფეისბუკ მეგობარს „თაგავენ“ (მონიშვნა).


დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის კომპეტენციაა კოორდინაცია გაუწიოს ქართულ დიასპორას და განსაზღვროს კავკასიის ხალხებთან პოლიტიკა, ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობას. ამ კომიტეტის ბაზაზე უკვე არსებობს 2017 წლის მარტში შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაა „უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავების მხარდაჭერა; მიგრაციული პროცესების რეგულაციისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის ხელშეწყობა“.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო კომიტეტის ამ კომპეტენციების ფონზე გაუგებარია რატომ იქმნება მის ბაზაზე საკონსულტაციო საბჭო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარების და ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით (როგორც ეს ოფიციალურ განცხადებაშია ნახსენები), რომელიც თავისი არსით უკვე ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, ინტეგრაციის მიზნებს და ვერ ასახავს საქართველოში ისტორიულად მცხოვრები უმცირესობათა თემების სახელმწიფოებრივ იდენტიფიკაციას და რეალურ საჭიროებებს. ეს გადაწყვეტილება ცალსახად თანასწორობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა, რადგან ეთნიკური ნიშნით განაცალკევებს საქართველოს მოქალაქეებს და გაუცხოების და გარიყულობის განცდას აჩენს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს:
• დროულად გააუქმოს მისი გადაწყვეტილება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე უმცირესობათა საკითხებზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;
• საკონსულტაციო საბჭოს მანდატის, კომპეტენციების, შემადგენლობის საკითხი დემოკრატიული კონსულტაციების პროცესის ფარგლებში დაგეგმოს, სადაც ჩართულები იქნებიან ეთნიკური უმცირესობების თემების წარმომადგენლები, ორგანიზაციები, ასევე სხვა ექსპერტები და ადამიანის უფლებათა აქტორები;
• საკონსულტაციო საბჭოს შექმნისას გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები და მოთხოვნები, ასევე სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები