სიახლე
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გასულ წელს საქართველოში უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე არ შემოუშვეს
გასულ წელს 1200 პირი ცდილობდა ყალბი დოკუმენტაციის გზით საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლულუაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უწყების გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული პირების ქვეყნიდან გაძევების ღონისძიებებში სხვადასხვა უწყებები იყვნენ ჩართული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილია 1200 პირი, რომლებიც ფიქციური დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვებას. აღნიშნული პირების ქვეყნიდან გაძევების, ასევე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და კოორდინირებულად მოქმედებდა იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად“,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უცხო ქვეყნის 139 მოქალაქე არ იქნა შემოშვებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის 21 საქმეზე დაიწყო, სისხლის სამართლის პასუხისგებაში კი 48 პირია მიცემული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში 27-გვერდიანია და მასში სუს-ის 2018 წლის საქმიანობა არის ასახული.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია