ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მლნ ევროს დახარჯავს
მას შემდეგ, რაც იტალიაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ევროკავშირმა კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 114 მილიონი ევრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადაეცემა, 100 მილიონი - კვლევების, ვაქცინებზე მუშაობის და მკურნალობის დაფინანსებაზე გამოიყო, 15 მლნ კი - პარტნიორი ქვეყნების დახმარებაზე; ამასთან, 3 მილიონ ევროს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამცავი აღჭურვილობის შესაძენად და თავიანთი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დახარჯავენ.

როგორც ევროკომისარმა იანეს ლენარჩიჩმა აღნიშნა, ევროკავშირი ყველა მიმართულებით მუშაობს, რათა დაიცვას ევროკავშირის მოქალაქეები და სხვა ადამიანები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. მისი თქმით, ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტს კორონავირუსის გავრცელების შეკავება წარმოადგენს.

„ეს არის გლობალური გამოწვევა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობას მოითხოვს. ის ასევე ქვეყნებში ყველა სექტორის კოორდინაციას მოითხოვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაცხადებთ 230 მილიონ ევროზე მეტის მობილიზების შესახებ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში“,
– აღნიშნა ლენარჩიჩმა.

მსოფლიოში კორონავირუსს უკვე 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა; ვირუსი ოცდაათამდე ქვეყანაშია გამოვლენილი.

წყარო: bm.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები