სიახლე
მარნეულის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა
მარნეულის საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან რაგიმ ასკეროვმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

დღეს, 11 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რაგიმ ასკეროვის მიერ დეპუტატობაზე უარის თქმა ცნობის სახით მიიღო.

ასკეროვი რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს. პარლამენტარმა „ენმ“-დან აზერ სულეიმანოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ მან არ იცის თუ რატომ მიიღო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება რაგიმმა, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს ფაქტი რაგიმ ასკეროვის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება.

აზერ სულეიმანოვის განცხადებით, ასკეროვის ადგილს, სავარაუდოდ, რაფიკ ჯაფაროვი დაიკავებს, რადგან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჯაფაროვი „ენმ“-ს პროპორციულ სიაში მეორე ადგილას იყო.

მარნეულის საკრებულოს წევრი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქრთამის აღების ფაქტზე 2019 წლის 28 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რ.ა. მოქალაქეს - შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს აღნიშნული თანხის ნახევარი -1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი - მოგვიანებით უნდა გადაეცა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია