სიახლე
EMC მათზე გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ქართული მარშის ლიდერების, მომხრეებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების მიერ ორგანიზებულ კამპანიას. რამდენიმე დღეა, რაც სოოციალურ ქსელში არაერთი მარნეულელი აზიარებს პოსტს, თითქოს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ, (EMC)-იმ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

„მათ მიერ გავრცელებული პოსტებით, თითქოსდა ჩვენმა ორგანიზაციამ წარადგინა სარჩელი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ, რომლითაც მარნეულის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ მღვდლების მიერ მარნეულის ქუჩების წყლით კურთხევის ფაქტს ასაჩივრებს. ეს ინფორმაცია მცდარია, უსაფუძვლო და როგორც ჩანს ცალკეული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციას და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეალური საჭიროებების გადაფარვას ისახავს მიზნად ამ ფონზე, EMC საჭიროდ მიიჩნევს საჯაროდ განმარტოს მის წარმოებაში არსებული ერთი საქმე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო წარმოებაში სასამართლომ და რომელიც სავარაუდოდ იყო ბოროტად გამოყენებული ზემოთ ნახსენები ჯგუფების“ - წერია EMC-ს ვებ გვერდზე.

კერძოდ:

2020 წლის 17 თებერვალს სათანადო მოსარჩელეების სახელით, EMC-იმ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელიც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის 400 000 (ოთხასიათას) ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტი უთითებს, რომ აღნიშნული ხარჯის მიზანი „რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლეობის სულიერების ამაღლების“ ხელშეწყობაა. ჩვენი შეფასებით აღნიშნული ნორმა დისკრიმინაციული და არასეკულარულია და არ შეესაბამება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.

ბოლო წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 83%-ზე მეტს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმი თემი შეადგენს, და ამ რეგიონში ასევე ცხოვრობენ ეთნიკურად სომხები და ქართველი მუსლიმი ეკომიგრანტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების უდიდეს ნაწილს მხოლოდ ადგილობრივ ეპარქიას გადასცემს. EMC-ის მუშაობა ქვემო ქართლის რეგიონში აჩვენებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას არ აქვთ წვდომა ბაზისურ სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, სოფლების დიდ ნაწილში არ არის სასმელი წყალი, სარწყავი წყლის ქსელები, საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები, მდგრადი სოციალური მომსახურების და მხარდაჭერის სერვისები. ამ პირობებში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, მარნეულის მუნიციპალიტეტმა არსებული რესურსების გამოყენება სოციალური მიზნებისთვის და თვითმმართველობის პირველადი კომპეტენციების შესასრულებლად მოახდინოს. მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა 23 მარტს გამოცხადებული კარანტინის რეჟიმის პირობებში.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრაქტიკა ჩვენ ასევე გვხდება სხვა მუნიციპალიტეტებში და ზოგიერთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რელიგიური მიზნებისთვის გამოყოფილი თანხები ბევრად აღემატება სოციალური მიზნებისთვის გამოყოფილ ხარჯებს (მაგალითად ბაღდათის მუნიციპალიტეტი), რაც ცხადია ღია წინააღმდეგობაში მოდის თვითმმართველობის იდეასთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან.

ამასთან ცხადია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მხოლოდ 1 კონფესიისთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების რეგულარული გადაცემა, უთანასწორობის პრაქტიკას და განცდას ქმნის და მას გამაუცხოებელი სოციალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის. არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ, რომელსაც სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მაღალი იდეალები აქვს დასახული, ეთნიკური უმცირესობებისთვის სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნის პროცესისთვის ამგვარი პრაქტიკების ზიანი განსაკუთრებული სიფრთხილით გაითვალისწინოს და აღმოფხვრას.

EMC იმედოვნებს, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას, დასაბუთებას და დავის სულისკვეთებას ჯეროვანი სიზუსტით და ინტერესით გაეცნობიან და არ მოექცევიან აგრესიული ულტრაკონსერვატიული ჯგუფებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების პროპაგანდის გავლენის ქვეშ. ამასთან, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გზით მოვახერხებთ პოზიტიური პრაქტიკის შექმნას იმისთვის, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტები შესაბამისობაში მოვიდეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებთან და სოციალურად უფრო მგრძნობიარე გახდეს.

გთავაზობთ ლინკს, სადაც EMC -ს განცხადების სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ:

https://emc.org.ge/ka/products/vekhmianebit-kartvelta-marshis-da-skhva-interesta-jgufebis-mier-chven-tsinaaghmdeg-tsarmoebul-kampanias?fbclid=IwAR3KN2DiDgUHnYXyNbj1edarIqVPAkHvgKESgGsFl37qu-isg6hPJxZEsjI
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია