მარნეულში კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობაზე გადამზადებას 42 ოჯახის ექიმი გაივლის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკაიძემ კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადება 18 მარტს გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შემდგომ 27 დღე გავიდა, მაგრამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ოჯახის ექიმების ნაწილს კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობაზე გადამზადება ჯერ კიდევ არ გაუვლია.

„80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომლებსაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას" - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 18 მარტს მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 42 ოჯახის ექიმია.

როგორც რადიო „მარნეულს“ ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, კორონავირუსის სახლის პირობებში მკურნალობაზე ყველა მათგანს ტრენინგი ჯერ არ გაუვლია.

„ონლაინ ტრენინგები, საქართველოს მასშტაბით, სოფლის ექიმებისათვის ეტაპობრივად მიმდინარეობს. ტრენინგები ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს მარნეულშიც“ - გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენმა ოჯახის ექიმმა გაიარა გადამზადება მარნეულში.

ონლაინ ტრენინგები ჯერ არ გაუვლია სოფელ ბაიდარისა და დოლისყანის ოჯახის ექიმს მაგამედ გასუმოვს.

„ჩემს ერთეულში 2 000 პაციენტია რეგისტრირებული. ახლა მარტო თერმოსკრინინგებს ვაკეთებთ. კორონავირუსის მსუბუქი ფორმების სახლში მკურნალობაზე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს, ალბად თუ საჭირო იყო სემინარების გავლა დამიკავშირდებიან და მეც გავივლი“ - გვითხრა მაგამედ გასუმოვმა

მარნეულის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შეთხვევაა ცნობილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები