მარნეულის ბაზრის შესასვლელები გადაკეტილია
მარნეულში რუსთაველის და ჟორდანიას ქუჩებიდან ცენტრალური ბაზრის შესასვლელები გადაკეტილია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ ბაზრის შესასვლელის გადაკეტვა გარევაჭრობის აკრძალვის გამო მოხდა.

„მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობისა და მთავრობის რეკომენდაციებისა, მარნეულის ბაზრის მიმდებარედ მაინც შეიმჩნეოდა გარევაჭრეების სიმრავლე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადაკეტილიყო ბაზრის შესასვლელი და გარემოვაჭრეებს აღარ მისცემოდათ შესაძლებლობა დაერღვიათ კანონი“ - გვითხრა ლაშა ლობჯანიძემ

მარნეულის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები ბაზრის ტერიტორიას აკონტროლებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გარევაჭრობის ფაქტები აღმოფხვრან.

ბაზრის მიმდებარე ქუჩაზე, რომელიც ამ დროისათვის გადაკეტილია, რამდენიმე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. მარნეულის მერის მოადგილე ამბობს, რომ სადისტრიბუციო და სავაჭრო ობიექტების მომსახურე მანქანებს გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება. ასევე, მანქანით გადაადგილებაზე შეზღუდვები არ შეეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრობენ.

6 აპრილს მარნეულის ბაზარი სრულიად დაიკეტა.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები