შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 23 ოქტომბერს, ქვემო
ქართლში, სოფელ კლდეისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა ბედიანის ხეობის მიმდებარედ,
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმარის,
ჩინეთის და ავსტრალიის მოქალაქეების სახლში მოტყუებით, უკანონოდ
შეაღწიეს.
“ლ.ი.-მ და ი.კ.-მ ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის
შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით,
უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16 100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ
ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ჯ.ფ.-ის კუთვნილი ავტომობილით
მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე,
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს”, –
წერია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ
ნივთმტკიცების სახით ბრალდებულის მიერ ყაჩაღობის გზით დაუფლებული
თანხის ნაწილი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი ამოიღო.
სამინისტროს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით
მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.