როდემდე შეგიძლიათ ძველი სანომრე ნიშნის გამოყენება
მომსახურეობის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძველი (სამციფრიანი) სანომრე ნიშნების ახლით გამოცვლის ბოლო ვადად 2021 წლის 31 მარტია განსაზღვრული.

სანომრე ნიშნების შესაცვლელად სტანდარტული მომსახურება 72 ლარია, ხოლო ფასიანი ნომრის შემთხვევაში თანხა 150–დან 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ფასიანი (ძველი) ნომრების გამოცვლის შემთხვევაში თუ მოქალაქე გადაცვლის იგივე ფასის მქონე ნომერში, მაშინ ეს პროცედურა ჯამში 72 ლარი დაუჯდება (ფასში შედის ბანკის საკომისიო, ტექპასპორტის შეცვლა და ნომრის ბეჭდვა).

უფრო მაღალფასიან ნომერში გადაცვლის შემთხვევაში კი მოქალაქე იხდის ფასის სხვაობას ძველ და ახალ ნომერს შორის და ამატებს 36 ლარს, რომელიც ტექპასპორტის შეცვლის საფასურს შეადგენს.

ძველი სანომრე ნიშნების გამოყენებას იურიდიული ძალა მძღოლებს გასული წლის პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ, თუმცა ვადა გახანგრძლივდა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ყველა სახის შეზღუდული სერვისი 1-ლი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას.

მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას.

მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები