შემცირებული ექსპორტის გამო რუსულ ხორბალზე გადასახადი კვირიდან კვირამდე მცირდება
21-დან 27 სექტემბრამდე რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი, წინა კვირასთან შედარებით, 9,9%-ით მცირდება. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც პორტალი „აგროინვესტორი“ ავრცელებს. გასულ კვირას ეს გადასახადი 12%-ით შემცირდა.

თუ ერთი კვირის წინ საექსპორტო გადასახადი ტონა ხორბალზე 2962 რუბლს (49 დოლარს) შეადგენდა, 21 სექტმებრიდან ის 2668 რუბლამდე (44 დოლარამდე) დაიწევს.

ამასთან, ტონა ქერზე გადასახადი ერთი კვირის წინანდელ 2717-დან 2353 რუბლამდე (45-დან 39 დოლარამდე), სიმინდზე კი 3784-დან 3696 რუბლამდე (63-დან 61 დოლარამდე) მცირდება.

გადასახადები საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა, რაც ტონა ხორბალზე ერთ კვირაში 316,8-დან 311,9 დოლარამდე შემცირდა, ქერზე 292,5-დან 282,8 დოლარამდე მოიკლო, ხოლო სიმინდზე ფასი იგივე დარჩა და კვლავ 317,6 დოლარი შეადგინა.

მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ედუარდ ზერნინმა „აგროინვესტორს“ განუცხადა, რომ 11,5%-იანი პროტეინის შემცველი რუსული ხორბლის საექსპორტო ღირებულება ტონაზე 300 დოლარია, 12,5%-ანი პროტეინით კი - 320 დოლარი. მისი თქმით, დასავლური სანქციები ბაზარზე კვლავ მოქმედებს, რაც მარცვლეულის რუს ექსპორტიორებს სირთულეებს უქმნის.

„სანქციების გამო ცვლილებები არ არის და რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტის ფეთქებადი ზრდა არ შეინიშნება. ჩვენი კონკურენტები, ჩვენს ბაზისთან შედარებით, ბევრად სწრაფად იზრდებიან,“ - აცხადებს ზერნინი.

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა გნაცხადა, რომ აშშ მეტად დაინტერესებულია მარცვლეულის მიწოდების უწყვეტობით და რუსული სასუქების ექსპორტს დაბრკოლებას არ შეუქმნის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არც აშშ-ის და არც საერთაშორისო სანქციები რუსეთდან სურსათისა და სასუქების ექსპორტზე შეზღუდვებს არ მოიცავს.“

6 ივლისიდან რუსეთში მარცვლეულის გადასახადი დოლარის ნაცვლად, რუბლებში გამოითვლება. 30 ივნისს მთავრობამ მიიღო დადგენილება გადასახადების რუბლებში გამოთვლის შესახებ. ხორბლის საექსპორტო გადასახადის გამოსათვლელად საბაზისო ფასი ტონაზე 15 ათასი რუბლით (250 დოლარით), ქერსა და სიმინდზე კი 13,875 ათასი რუბლით (230 დოლარით) განისაზღვრა. საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.

2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის დემპფერის მექანიზმი შემოიღო, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადებს, ხოლო მათგან მიღებული სახსრების სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის ჩაბრუნებას ითვალისწინებს. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად ფასების ინდიკატორებით გამოითვლება, რაც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების ფასებს ეფუძნება.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
თეგები: #economy #georgia
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები