ის მდგომარეობა, რაც აზარტული თამაშების სექტორშია, არის ქართული ეკონომიკის სახე - ეკონომისტი
აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოთა ბრუნვა რეკორდულად იზრდება. 2021 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 47.938 მლრდ ლარი შეადგინა.

ეს 49,3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან სედარებით. 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარო შეადგინა.

ეკონომისტი ზურა კუკულაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ აზარტული თამაშების ბიზნესში არსებული მდგომარეობა, ქართული ეკონომიკის ინდიკატორია.

„რეგულაციები, რომლებიც აზარტულებთა მიმართებით მიმდინარე წელს ამოქმედდა, წესით უნდა იყოს მუხრუჭი მაინც ზრდის ასეთი კატასტროფული ტემპისთვის. ლოგიკურად, ამან უნდა შეამციროს ბრუნვა, მაგრამ ჩვენ ისეთი პარადოქსული ქვეყანა ვართ, რომ რეგულაციებმა, შეიძლება ვერ შეამციროს აზარტული თამაშების სექტორი.

რაც შეეხება 48 მლრდ-იან ბრუნვას, ამასთან დაკავშირებით მუდმივად მაქვს ერთი და იგივე მიდგომა, როცა რამე ბიზნესი იზრდება, თან ამ მასშტაბით, უნდა ვითარდებოდეს რომელიმე სექტორი, თუმცა ეს ასე არასოდეს ხდება. ამიტომაა კატასტროფა ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის. როდესაც მოჰყავთ არგუმენტი, რომ მსხვილი ბიზნესის ზრდა ეკონომიკის სტიმულირებას იწვევს, ფაქტია პირიქითაა. როცა რომელიმე სექტორში ამხელა ზრდაა, ეს სოციალურ და ეკონომიკურ ფონს უნდა ეტყობოდეს.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ზრდის მასშტაბი, მიუთითებს არა მხოლოდ ამ სექტორის პოზიციებზე, არამედ სხვა სექტორების პრობლემებსაც აჩენს. როცა ქვეყნაში არაფერი ვითარდება აზარტული თამაშების გარდა, ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინება აღარ არის გასაკვირი. მდგომარეობა რაც აზარტული თამაშების სექტორშია, არის ქართული ეკონომიკის სახე. რაც უფრო და უფრო ნათლად გამოჩნდება წლების განმავლობაში“,
- განაცხადა კუკულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები