თსუ-ს ახალი რექტორი აირჩიეს
ჯაბა სამუშია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 9 ოქტომბერს გაავრცელა.

მისი თქმით, თსუ-ს წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და “არავინ არავის არ ნიშნავს”.

“მეგობრებო, მთელი დღე გზაში ვარ და მხოლოდ ახლა ვნახე ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა ჩემი რექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ეს არის რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია.

გასაგებია რასაც ისახავენ მიზნად, მაგრამ, ამჯერად, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ვწუხვარ, რომ ბევრმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო. თსუ-ს წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და არავინ არავის არ ნიშნავს. ამასთანავე, დღეისათვის უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი და ახლის არჩევა, მხოლოდ რამდენიმე კვირაში იგეგმება. ყველამ პატივი უნდა ვცეთ თსუ-ს ტრადიციას”,
– წერს სამუშია.



მანამდე დღეს სტუდენტურმა მოძრაობამ სახელწოდებით “მაისის სტუდენტური მოძრაობა” განცხადება გაავრცელა, რომელსაც თან დაურთო რამდენიმე ადამიანის ფეისბუკ პოსტი, სადაც ისინი სამუშიას თსუ-ს რექტორობას ულოცავენ.

სტუდენტური მოძრაობა აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მილოცვები მიუთითებდა, რომ “რექტორის დანიშვნის პროცესის არასამართლიან და უთანასწორო გარემოში წარიმართებოდა” და ხელისუფლებას უკვე ჰყავდა შერჩეული კანდიდატი, ჯაბა სამუშიას სახით, რომელსაც “არალეგიტიმური აკადემიური საბჭოს მოჩვენებითი არჩევნების პროცესის შემდეგ” დანიშნავდა.

“ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ იქნებიან კანდიდატები, მაგრამ ვხედავთ მილოცვებს კონკრეტული ადამიანის მისამართით და ამასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომენტარსაც არ აკეთებს, ვინაიდან ვერავინ გაბედავს, შეეწინააღმდეგოს მათი პარტიული „ ბოსების” სიტყვას.

დღეს სტუდენტები პირისპირ დგანან უსამართლო აკადემიური და პოლიტიკური სისტემის წინაშე და ერთადერთი გზა გვაქვს ამ რეალობის შესაცვლელად, ერთიანობა და წინააღმდეგობა უნივერსიტეტის ავტონომიის დასაცავად”
, – წერენ სტუდენტები.

განცხადებაში სტუდენტური მოძრაობა აღნიშნავენ, რომ სამუშიას მეგობრები და ახლობლები მთელი დღის განმავლობაში ულოცავენ რექტორის თანამდებობის დაკავებას და თან ურთავენ შემდეგ ფოტოებს:



“კანონიერად რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე . გიორგი შარვაშიძემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა , შესაბამისად , აკადემიური საბჭო ახალ რექტორს ვერ აირჩევდა. გარკვეულ ჯგუფებს უკვე მიღებული აქვთ გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ ვინ გახდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი . ამ ფაქტით დადასტურდა, რომ აკადემიური საბჭოს წევრები გადაწყვეტილების მიღებისას არ არიან დამოუკიდებელნი. უნივერსიტეტის კლანურ მმართველობას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ გახდება რექტორი, მაგრამ სტუდენტები მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ”, – ნათქვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

“მაისის სტუდენტური მოძრაობა” თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლასა და რექტორის არჩევის წესის ცვლილებას ითხოვს. მათი თქმით, რექტორი პროფესორების სრულმა შემადგენლობამ უნდა აირჩიოს და ეს არა მხოლოდ თსუ-ში, არამედ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გავრცელდეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები