ივლის-სექტემბერში, საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 125 მოქალაქეს მიენიჭა, საიდანაც ყველაზე მეტი, 103 პირი უკრაინის მოქალაქეა
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 125 მოქალაქეს მიენიჭა, საიდანაც ყველაზე მეტი, 103 პირი უკრაინის მოქალაქეა.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სამ თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) საქართველოში ჰუმანიტარულ სტატუს მინიჭებულ პირთაგან 9 არის ავღანეთის მოქალაქე; 3 - რუსეთის; 2 - იემენის; 1 - ეგვიპტის; 1 - სირიის, 1 - სომალის.

აღნიშნულ პერიოდშივე ლტოლვილის სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 3-მა მოქალაქემ მიიღო, საიდანაც 1 ირანის მოქალაქეა, ხოლო 2 პირი დაუდგენელი მოქალაქეობისაა.

სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 157 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი 73 პირი ირანის მოქალაქეა; რუსეთის 2; თურქეთის 19; ერაყის 10; ეგვიპტის 7; იორდანიის 11; ნიგერიის 9.

ივლის-სექტემბერში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის სულ 307 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 87 პირი უკრაინის მოქალაქეა. რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებელთაგან 50 არის თურქეთის; ირანის - 44, რუსეთის - 31; ბანგლადეშის - 14; იორდანიის - 11; ავღანეთის - 8 მოქალაქე.

სამ თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს. მოქალაქეობის მიხედვით კი მათი გადანაწილება ასეთია: ირანი 9; თურქეთი 8; აზერბაიჯანი 4; რუსეთი 1; უკრაინა 1.

ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე: აზერბაიჯანი - 4; თურქეთი - 7; ინდოეთი - 2, რუსეთი - 1.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები