სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო - ის კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია
თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დანიშნული სხდომა.

სხდომის გადადების მიზეზად, ისევე, როგორც წინა სხდომების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გარდა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებისა, მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია, მას ტემპერატურა აქვს, თავს სუსტად გრძნობს, თუმცა, ამ ეტაპზე,
კორონავირუსი დადასტურებული არ აქვს:

„ამ ეტაპზე, იზოლაციაშია. ხუთშაბათს ან პარასკევს განმეორებით გაუკეთებენ პისიარ ტესტს. ერთხელ უკვე ჩაუტარდა ტესტი, რომელიც უარყოფითი იყო, თუმცა, საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს. მას ტემპერატურა აქვს, თავს სუსტად გრძნობს და ძირითადად, წევს“.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზა არ დასრულდება, მისი მონაწილეობა სასამართლო სხდომებზე შეუძლებელი იქნება:

„ვერ აყალიბებს დაცვის სტრატეგიას... მასთან პრაქტიკულად შეუძლებელია კონტაქტში შესვლა სტრატეგიის, ტაქტიკის ჩამოსაყალიბებლად. ახლანდელი ინფორმაციის თანახმად, დასკვნა დაახლოებით 15-20 ნოემბრისთვის უნდა იყოს მზად“.

მომდევნო სხდომა 14 ნოემბერს დაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებს ხუთ თვეზე მეტია ვერ ესწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

2018 წელს მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გასამართლდა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში და 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. ბოლო, მესამე საქმე, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის მუხლით აღიძრა.

მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.

სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის შეწყვეტას დასთანხმდა, თუ სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები აცხადებენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკაში, "ვივამედში" მკურნალობს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში იყვნენ ჩამოსულები უცხოელი ექსპერტები.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები