ნიკა გვარამიას მადლობის წერილი მარნეულელებს
სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ხელით დაწერილი წერილის ფოტოებს აქვეყნებს.

„ჩემო ძვირფასო მარნეულელებო! ვუყურე თქვენს მხარდამჭერ აქციას და ვარ ძალიან ბედნიერი და გულაჩუყებულიც კი.
მინდა იცოდეთ(და ბევრმა თქვენგანმა იცის), რომ ძალიან მიყვარს თქვენი თემი და მთავარი საამაყო რაც ჩვენი სამშობლოსთვის გამიკეთებია, ზუსტად თქვენ თემს უკავშირდება - ერთიანი ეროვნული გამოცდები. ბაკალავრიატის სპეციალური სისტემა( 1+4) ეთნიკური უმცირესობებისთვის. ვამაყობ თქვენით, ვამაყობ თქვენი ქართველობით,თქვენი ქართული ენით.
ძალიან გამახარეთ! დიდი მადლობა და როგორც კი გამოვალ აუცილებლად დამპატიჟეთ აზერბაიჯანულ სუფრაზე. ცხვარი მიყვარს განსაკუთრებით.
შევიკრიბოთ, გავიცნოთ ერთნამეთი ახლოს. ჯეი(ჯეხუნ ნარზალოვი, მთავარი არხის ჟურნალისტი) მოგვიგვარებს შეხვედრას.
ნიკა გვარამია
რუსთავის მე-12 ციხის, 212 საკნიდან“
- წერს ნიკა გვარამია.

10 ნოემბერს, ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის რელიგიური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ადგილობრივი მედია და აქტივისტები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას გათავისუფლების თხოვნით მიმართეს. პეტიციაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო სექტორზე მიზანმიმართული თავდასხმები ხორციელდება. ხელისუფლება კი კრიტიკული მედიის მიმართ შეუწყნარებლობას იჩენს და უსაფუძვლო მიზეზების გამო ცდილობს საზოგადოების წინაშე უნდობლობა შეუქმნას მათ საქმიანობას.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ორგანიზაციამ მოუწოდა, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

პრეზიდენტმა 2 ივნისს, – როცა გვარამია ახლად დაპატიმრებული იყო, – განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებდა, თუმცა თქვა, რომ ეს „პოლიტიკურად არ იყო დროული“.

2 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, „ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები