მე-2 კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზრდება - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2023 წლის მე-2 კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი დადებითი იქნება და 6.4% დაფიქსირდება.


„მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა 2023 წლის მეორე კვარტალში განპირობებულია წინა წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებით. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდის საბაზისო ეფექტი მაღალი იყო (2022 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა გაიზარდა 7.2%-ით), ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება კვლავ გრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა 2023 წლის 1-ელ კვარტალში. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2023 წლის 1-ელ კვარტალში საშუალო რეალური ზრდა 7.2%-ით განისაზღვრა, რაც ემთხვევა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პირველი კვარტლის პროგნოზს.

საბიუჯეტო ოფისის 2023 წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით:

ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 1.8-ჯერ გაიზრდება (2019 წლის მეორე კვარტლის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 1.2-ჯერ ნაკლები). ამავე დროს გაიზრდება ქვეყნიდან გასული ვიზიტორების რიცხოვნობაც.

ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად კვლავ შენარჩუნდება შიდა ტურიზმის აქტივობა.

გაიზრდება როგორც კერძო მოხმარების, ისე ინვესტიციების მოცულობა, რაც განაპირობებს მთლიანი მოხმარების და ინვესტიციების ზრდას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ დადებით ტემპს.

მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდაც.

მთავრობის საინვესტიციო აქტივობების ზრდასთან ერთად, გაზრდილი მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც.

გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაიზრდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც.

აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში იმპორტის მოცულობა უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ექსპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი -0.2%-ლი პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და მშპ-ის ცვლილებას 6.6%-ული პუნქტით განაპირობებს. საბიუჯეტო ოფისის მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის შეფასებაში წმინდა ექსპორტი 0.1%-ული პუნქტით, ხოლო აბსორბციის კომპონენტი 7.1%-ული პუნქტით განისაზღვრა,“-
აღნიშნულია საბიუჯეტო ოფისის დასკვნაში.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები