გია ვოლსკი - რუსეთიდან მილიონობით რუბლი ერიცხება ადამიანს, რომელიც მუშაობს იმავე ინტერესების რეალიზაციისთვის, რაც რუსეთს აქვს
მივდივართ დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაციიდან მილიონობით რუბლი ერიცხება ადამიანს, რომელიც მუშაობს იმავე ინტერესების რეალიზაციისთვის, რაც რუსეთს აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

ვოლსკის თქმით, მილიონობით რუბლი ერიცხებათ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური რესურსით ხელს უშლიან საქართველოს ევროატლანტიკური
ინტეგრაციის გზაზე. ვოლსკის განმარტებით, ამ შემთხვევაში ემთხვევა რუსეთის ინტერესი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„არსებობს ისეთი სისტემა, როდესაც წინაპრის მიერ დატოვებული ინტელექტუალური მემკვიდრეობა მისი ოჯახის წევრებზე ნაწილდება გარკვეული შეთანხმების მიხედვით. ასეთი მემკვიდრეობა დატოვა წინაპარმა, შესანიშნავმა თეატრალურმა მხატვარმა და როდესაც გამოყენებულია მისი ინტელექტუალური რესურსი, შესაბამისი გადარიცხვა ხდება მემკვიდრეებისთვის. ეს არის ფორმულა, მაგრამ რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც ყველანაირი ფორმულა დაარღვია, ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვს თავისი აგრესიული დამოკიდებულება, როდესაც ახდენს ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაციას, როგორ ვერ გადაწყვიტა ვერანაირად და ვერ ამოვიდა ხოშტარიების ოჯახის ვალიდან. ამ ხნის განმავლობაში მილიონობით რუბლი ერიცხებათ ადამიანებს, რომლებიც, ამავე დროს, თავიანთი პოლიტიკური რესურსით ხელს უშლიან საქართველოს, გარკვეულ წინააღმდეგობას უქმნიან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ შემთხვევაში ემთხვევა რუსეთის ინტერესი, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ზუსტად იგივეა, რასაც ყოველდღიურად ცდილობს ეს პოლიტიკური ძალა. რასაკვირველია, რუსეთის ინტერესია ეს პოლიტიკური ძალა, კონკრეტული ადამიანი ჰყავდეს დაკმაყოფილებული იმდენად, რომ მან შეძლოს თავისი პოლიტიკური საქმიანობის, ამ შემთხვევაში, მავნებლური საქმიანობის განვითარება. ეს ფორმულა არის რეალობასთან ახლოს. ძალიან მარტივად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მილიონობით რუბლი ერიცხება რუსეთის ფედერაციიდან ადამიანს, რომელიც მუშაობს იმავე ინტერესების რეალიზაციისთვის, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს“,
– აღნიშნა გია ვოლსკიმ.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები