ხაჭაპურის მომზადება წლიურად გაძვირდა
2023 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5,76 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ინდექსი 4.1%-ით შემცირდა (2023 წლის აპრილთან შედარებით). თუმცა წლიურ ჭრილში (2022 წლის მაისთან შედარებით) ისევ აღმავალი ტენდენცია დაფიქსირდა და ინდექსი 1.9%-ით გაიზარდა.

„ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში თბილისსა და ბათუმში გაიზარდა, ხოლო ქუთაისსა და თელავში შემცირდა.

საშუალო ფასების გათვალისწინებით, ხაჭაპურის ინგრედიენტები მიმდინარედ ყველაზე ძვირი ბათუმში ღირს. აქ ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6,43 ლარს შეადგენს, რაც 12%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა თბილისშიც (8.7%-ით). აღსანიშნავია, რომ ხაჭაპური ყველაზე იაფი ქუთაისშია, სადაც ერთი ხაჭაპური 4,81 ლარი ღირს. სხვაობამ, ყველაზე ძვირსა (ბათუმი) და იაფ (ქუთაისი) ლოკაციას შორის დანახარჯების მიხედვით, 1.52 ლარი შეადგინა.

თვიურ ჭრილში ინდექსი საქართველოს ყველა ქალაქში შემცირდა, ყველაზე დიდი კლება (9.0%) ქუთაისში დაფიქსირდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ინდექსის კლების ტენდენცია ნედლი რძის ტრადიციულ სეზონურ ტენდენციას მიჰყვება. ტრადიციულად ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ იმერეთი საქართველოს უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, სადაც რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები მცირდება,“
- აღნიშნულია „აისეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები