თვეზე მეტია ვერ დგინდება მარნეულის ხუთ სოფელში ვინ აკაკუნებს კარზე, ისვრის ქვებს და ქრება
უკვე ერთი თვეა, რაც მარნეულის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა გაურკვეველი წარმომავლობის პირს ეძებს რომელიც, როგორც თავად ამბობენ, სახლის სახურავებზე ადის, ფანჯრებს ქვებს ესვრის, კარზე აკაუნებს და შემდეგ ქრება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი და მეორე ქესალოს, კაპანახჩის, ილმაზლოსა და ქეშალოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება რაღაცამ შეცვალა, მაგრამ სოფლებში არავინ იცის თუ ვინ, ან რა აკაკუნებს მათი სახლის კარზე და
შემდეგ ქრება. სოფლების მოსახლეობას სხვადასხვა თეორიები აქვთ. ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ დაინახეს ოთხი ადამიანი მეზობლის ჩაკეტილი სახლის ეზოში, შესვლის დროს კი სახლში არავინ დახვდათ, ერთმა ადამიანმა დაინახა თუ როგორ ეწეოდა ჩაცუცქული ადამიანი სიგარეტს, იმ ადგილას მისვლისას კი არავინ დახვდათ. რამდენიმე ადამიანმა ორი კაცი დაინახა, ზოგი კი აბობს, რომ არავინ დაუნახავთ და ვერც იმას ხვდებიან თუ ვინ ურღვევს სოფლის მოსახლეობას ყოველდღიურ სიმშვიდეს.

„უკვე ერთი თვეა ასეთი მდგომარეობაა. ამბობენ, რომ ვიღაცეები სახლის სახურავებზე ადიან, ქვებს სვრიან ფანჯრებს და კარებებზე აკაკუნებენ. როდესაც ვინმე გადის გარეთ იქ არავინ ხვდებათ. გუშინაც მითხრეს სოფელში რომ ოთხი ადამიანი დაინახეს მიტოვებული სახლის ეზოში, რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა რამდენიმე წუთში შევიდა სახლში მაგრამ იქ არავინ იყო, ფეხის ანაბეჭდებიც კი არ იყო“. - ამბობს პირველი ქესალოს მკვიდრი

„სიმართლე გითხრათ არავინ იცის რა ხდება. ვიღაც კარზე აკაკუნებს და მერე ქრება. აი, გუშინაც აქ სახლში ქვები ისროლეს. ორ წუთში მთელი სოფელი აქ იყო და ამ ხალხს ვეძებდით, მაგრამ მერე გავიგეთ რომ სხვა უბანზეც ზუსტად იგივე მოხდა და იქ წავედით, მაგრამ იქაც არავინ იყო. ვერ გავიგეთ რა ხდება, ვინ ან რა აკეთებს ამას. ჩვენ სოფელში, მეორე ქესალოში, უკვე ნახევარი თვეა რაც ასე ხდება. ჩვენ ვერაფერს ვფიქრობთ, არავინ ჩანს, უბრალოდ ვიღაცა ხალხს აწუხებს. მაგალითად, მე დავინახე ერთ ეზოში ადამიანის სილუეტი, მივედი, მაგრამ არავინ დამხვდა. ჩემი მეზობლის კარზე აკაკუნებდნენ, კარი უცბად გააღო, მაგრამ მასაც არავინ დახვდა. არ ვიცი ვის რაში უნდა სჭირდებოდეს ასეთი მოქცევა“. - ამბობს მეორე ქესალოში მცხოვრები 72 წლის კაცი

მეორე ქესალოს მოსახლეობის განცხადებით, კარზე კაკუნი და ქვების სროლა სოფელში საღამოს 9 საათის შემდეგ იწყება და ღამის 1-2 საათამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში მოსახლება, ძირითადად ახალგაზრდები, გარეთ არიან და ცდილობენ ვინმე "დაიჭირონ", მაგრამ მცდელობები ამ დრომდე უშედეგოდ მთავრდება. ადგილობრივებთან ერთად სავარაუდო კანონდამრღვევს პოლიციაც ეძებს. გუშინ, 4 სექტემბერს, საღამოს საათებში სოფელ მეორე ქესალოში ადგილობრივებთან ერთად საპატრულო პოლიციის 3 ეკიპაჟიც იმყოფებოდა.

დღეს, 5 სექტემბერს, სოფელ მეორე ქესალოში ყოფნისას მოსახლეობამ განაცხადა, რომ თავდაპირველად კარზე კაკუნი, ქვების სროლა და სახურავებზე ასვლა სოფელ ილმაზლოში დაიყწო, სადაც რამდეიმე სახლი გაძარცვეს კიდეც. სოფელ ილმაზლოში ორი სახლი გაძარცვეს, ორივე სახლი დროებით დაკეტილი იყო და მეპატრონეები საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი სახლის მეპატრონემ დღეს რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი სახლი იმ დროს გაძარცვეს, როდესაც თავად, ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

„დაახლოებით 10 დღის წინ დააკავეს სოფელ ქეშალოში კაცი, რომელმაც აღიარა, რომ ჩემი და მეზობლის სახლი გაძარცვა. სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს ამბავი რამდენად უკავშირდება ამ დაშინების შემთხვევებს. ეს კაცი რომ დააკავეს სახლებზე კაკუნი და ქვების სროლა მერეც გრძელდებოდა და სავარაუდოდ ეს კაცი ამასთან კავშირში არაა“. - აცხადებს სოფელ ილმაზლოს მკვიდრი

მოსახლეობა შეწუხებულია სოფელ კაპანახჩიშიც, სადაც ისეთივე ვითარებაა, როგორიც პირველ და მეორე ქესალოში, ქეშალოსა და ილმაზლოში.

„არ ვიცი რაა, ან ქურდია ან ჯინი, ვერ გავიგეთ. არავის არაფერი დაუნახავს, ასე ამბობენ რომ ვიღაც კარზე აკაკუნებსო და გარბისო. დღეს საღამოს ქვედა უბანზეც იყო ასეთი შემთხვევა, კარი გააღეს და არავინ დახვედრია. არ ვიცი რა ხდება, შეიძლება ვიღაც ქურდობს, ან მართლა არსებობს რამე ზებუნებრივი ძალა და რამე ამოუხსნელი ხდება, არავინ იცის. ერთი თვეა ამ მდგომარეობაში ვართ“. - ამბობს კაპანახჩელი კაცი

ადგილობრივები ხშირად იძახებენ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს და მათთან ერთად ეძებენ კაკუნისა და ქვების სროლის გამომწვევ პირებს, მაგრამ ამ დრომდე სოფლებში დამნაშავეები არ დაუჭერიათ. მოსახლეობა სახელმწიფოს დახმარებას ითხოვს და სურთ, რომ სოფლებში ღამის ხედვის კამერები დაყენდეს, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, იმედია დამნაშავეებს დააფიქსირებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები