ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება
მმართველი უმრავლესობით ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

საარჩევნო
კანონმდებლობასა და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მედიას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააცნო. მიქანაძის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული კანონის მიხედვით ისინი ხუთი წლის ვადით უნდა აირჩნენ, ხმების 3/5 – 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.

მიქანაძის განმარტებით, კანონის პროექტის მიხედვით, შესაბამისი კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. როგორც მიქანაძემ განაცხადა, პრეზიდენტს კონკურში მონაწილე ყველა კანდიდატის სია გადაეცემა და პრეზიდენტი ერთპიროვნულად გადაწყვეტს წარდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.

„ზაფხულში, როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შუალედური შეფასება გამოქვეყნდა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გამოთქვა მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. უახლოესს პერიოდში ევროკომისიამ წინასწარი დასკვნა უნდა დადოს, არ გვინდა არც ერთი კითხვა არსებობდეს - საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად და სამართლიანად უნდა მიიღოს“, - ასე ახსნა მიქანაძემ სარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა.

კანონის პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს. ის სექტემბერში სამივე მოსმენით იქნება მიღებული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები