პროკურატურა: „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ხუთ პირს წარედგინა ბრალი
საქართველოს პროკურატურა იტყობინება ე.წ. ქოლ-ცენტრების ორგანიზატორების გამოვლენაზე.

უწყების ცნობით, ევროპისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების განცხადებით, ისინი გერმანიაში უკვე გაასამართლეს კომერციული და ჯგუფური თაღლითობისთვის.

გამოძიების ვერსიით, საქართველოში მათი მოწყობილი „ქოლ-ცენტრის“ თანამშრომლები უკავშირდებოდნენ გერმანიის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

„ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. რეალურად, დაზარალებულთა მიერ ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ“, – ხაზს უსვამენ პროკურატურაში.

თაღლითურად მიღებულ თანხებს, პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები „ათეთრებდნენ“.

ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები