27 თებერვალს "წყლის ჩერშენბე" აღინიშნება
დღეს, 27 თებერვალს, ნოვრუზ ბაირამის პირველი სამშაბათი, წყლის ჩერშენბე, აღინიშნება.

„ჩერშენბე“ , ანუ სამშაბათი - ასე ჰქვია ტრადიციას, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე აღინიშნება.

ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია. მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყველაზე დიდი დასახლებაა.

„ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

ჩერშენბეს ტრადიცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთს 12 წლის განმავლობაში მივიწყებული ჰქონდა, თუმცა 2019 წლის მარტში ადგილობრივმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ რამდენინე აქტიურ მოქალაქესთან ერთად, საკუთარი კულტურის შენარჩუებისთვის, ტრადიცია აღადგინა და „ცეცხლის ჩერშენბე“ აღნიშნა.

„წყლის ჩერშენბეზე“ მოსახლეობა სახლს ალაგებს, ეზოს ასუფთავებს, სახლის კედლებს ღებავს, ბაღს ასუფთავებს. წყლის ჩერშენბეს „დაწყებით ჩერშენბეს“ უწოდებენ. ამ დღეს გოგონები, პატარძლები დილით დგებიან და მდინარეზე წყლის მოსატანად მიდიან. დილით, ვიდრე მზე ამოვა, ყველა ხელ-პირს იბანს. ხალხური რწმენით, ვინც ამ დღეს მდინარეში ჩავა, ყველა დაავადებას დაამარცხებს.

2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები