თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის
გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი აპრილიდან
ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 6 მარტს, დედაქალაქის
მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 1-ელი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე
უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები.
„კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1-ელი
აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე
ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. იმისთვის, რომ
ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებთან უფასოდ გააჩერონ
ავტომანქანები, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ
განთავსებულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ
ავტომობილები“, — განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დაასახელა მისამართები, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ
მომსახურებას მიიღებენ. კერძოდ, პავილიონები განთავსებულია შემდეგ
მისამართებზე:
წერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“
მიმდებარედ);
წერეთლის გამზირი N12ა-ს მიმდებარედ; წერეთლის გამზირი N116;
წერეთლის გამზირი N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირის N140
(მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და
ორშაბათის გარდა,
09:00-დან 18:00 საათამდე.