მერიამ ქალაქში გასართობი სივრცის მოსაწყობად პროექტის შედგენის ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ მარნეულში რეკრეაციული ზონის მოწყობას გეგმავს. თვითმმართველობას 120 000 ლარიანი ტენდერი აქვს გამოცხადებული გასართობი ზონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის.

ტერიტორია ქალაქ მარნეულში, ცენტრალური ქუჩის მიმდებარედ მდებარეობს. იქ, სადაც გასულ წელს მუნიციპალიტეტმა მულტიეთნიკური ფესტივალი “შინ” გამართა.


საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით, მიწის ნაკვეთი მდინარე ალგეთის ნაპირასაა და ბუნებრივად შექმნილ რეკრეაციულ ზოლს წარმოადგენს.

“საპროექტო ტერიტორიას სამი მხრიდან ჩამოუდის მდინარე და ერთგვარ ნახევარკუნძულს ქმნის, რაც ტერიტორიის რეკრეაციულ პოტენციალს ზრდის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშრალი სუბტროპიკული ჰავაა, ზაფხული ცხელი და გვალვიანია, ხოლო საპროექტო ტერიტორია ერთგვარ ოაზის წამოადგენს დასასვენებელი რეკრეაციული ზონისთვის. საერთაშორისო გამოცდილებით და 21-ე საუკუნეში გამოვლენილ სხვადასხვა ურბანული გადაწყვეტილებებით, ქალაქი ახდენს მდინარის ნაპირის რეგენერაციას. ყოველი ასეთი პროექტის განხორციელება პრაქტიკაში გამართლებულია და ქალაქს მეტ სიცოცხლეს სძენს.” - წერია დოკუმენტაციაში.

რეკრეაციული გასართობი ზონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 29 მარტიდან 4 აპრილამდე შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში განახორციელოს.

/ფოტოები აღებულია სატენდერო დოკუმენტაციიდან/

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები