ანაკლიის პორტის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ტენდერი წარიმართება მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით.

სამინისტროს თანახმად, შესყიდვისთვის გამოყენებული იქნება ერთეტაპიანი შესყიდვის პროცედურა, ლიმიტირებული საერთაშორისო საბაზრო მიდგომების გამოყენებით. მოწვეულმა პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ ტექნიკური და ფინანსური მიმართულებით.

„გამარჯვებულად გამოვლინდება წინადადება, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს/შერჩევის კრიტერიუმებს და ექნება ჯამური (ტექნიკური წინადადების ქულას პლუს ფინანსური წინადადების ქულა) უმაღლესი ქულა.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვების დასასმელად და კონკურენტუნარიანი სატენდერო წინადადებების მოსამზადებლად (წარმოსადგენად) მონაწილეებს 45-დღიანი ვადა მიეცათ",
- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ცნობაში.

წინადადებების ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში შეფასებას უზრუნველყოფს შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ სპეციალურად შექმნილი სატენდერო კომისია, საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად. შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები