პარლამენტში რუსულ კანონს მოქალაქეების პროტესტის პარალელურად განიხილავენ
დღეს, 8 აპრილს, მოქალაქეების პროტესტის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს მეორედ არეგისტრირებს. ბიუროს სხდომის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი პარტიის მიერ სიტყვის გატეხას იმის შესახებ, რომ რუსულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ.

რადიო „მარნეულთან“ აქციის მონაწილე "აი, ფაქტი"-ს ჟურნალისტი აიდან იუსიფი აცხადებს, რომ გასულ წელს მოსახლეობამ ხელისუფლებას აჩვენა, რომ არ შეეგუებოდა რუსული კანონის მიღებას.

„ეს ფილმი შარშან უკვე ვნახეთ და ისიც ვნახეთ, თუ რა ძალა ჰქონდა აქციებზე ერთად დგომას - ამან შესაბამისი შედეგიც გამოიღო. სწორედ ამიტომ, უფრო ვარ მონდომებული ახლა, რომ ვიარო ყველა აქციაზე ძალიან დატვირთული გრაფიკის მიუხედავად. უნდა ვიარო ყველა აქციაზე და უნდა ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ ამ 93 ადამიანს, თუ რა უნდა ხალხს. ეს მოსახლეობამ უნდა აჩვენოს ამ პარლამენტარებს აქციებზე სიარულით, არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ, რას ვაკეთებთ, რამდენად გვცალია ამისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორედაც მოუწიოთ ამ სისულელის უკან გაწვევა“. - განაცხადა აიდან იუსიფიმ

აიდანს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შავ ფულად მოხსენიება მარაზმად მიაჩნია, რადგან, როგორც თავად განმარტავს, ყველაზე მეტ თანხას უცხოური დონაციიდან სწორედ ხელისუფლება იღებს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები კი აღნიშნული დახმარების მხოლოდ 4%-ს იყენებენ.

პარლამენტის უკან მიმდინარე აქციაზე ასევე იმყოფება პლატფორმა „სალამის“ წევრი ბენიამინ კასიმოღლო, რომლის განმარტებითაც, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც კანონის მიღების შემთხვევაში უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციებად შეირაცხებიან მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის მუშაობენ.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ იყოს კორუფცია, რომ დაცული იყოს გარემო, ვმუშაობთ იმისთვის რომ ქუჩებში არ იყვნენ მაწანწალა ძაღლები, ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავიცვათ ხელისუფლებისგან ნებისმიერი უფლებაშელახული მოქალაქე. მათ შორის დაიცვას ის ადამიანები, რომლებიც დღეს იძულებულები არიან მერიის ზეწოლით აზიარონ ცრუ ინფორმაციები. ეს კანონი ჩვენ გვიღობავს გზას ევროპისკენ, ეს არის რუსული ნარატივი და პრორუსული მოქმედება და ამიტომ ჩვენ დღეს აქ ვდგავართ და ვაპროტესტებთ ამ კანონპროექტს“.

ბენიამინი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები კვლავ გაერთიანდებიან და წინა წლის მსგავსად ხელისუფლებას არ მიცემენ რუსული კანონის მიღების შესაძლებლობას.

აქციას შეუერთდა სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე პარლამენტთან გასული წლის მარტშიც იდგა.

„ეს არის მეორე პროტესტი რუსული კანონის თაობაზე. პირველად შარშან მოხდა ამ კანონის ინიციირება და მაშინ ხალხის ნებით იძულებული გახდნენ, რომ ეს კანონი უკან გაეწვიათ, მაგრამ ახლა კვლავ დააბრუნეს კანონი. ჩვენ ვიცით, რომ ამ კანონის მიზანია იმ ორგანიზაციების და მედიების გაქრობა, ვინც ადამიანის უფლებებზე მუშაობს. ისინი არჩევნებისთვის ემზადებიან და უნდათ ისეთი საქართველო, ისეთი სახელმწიფო შექმნან, სადაც არავინ არ აკვირდება არჩევნებს და როგორც სურვილი ექნებათ ისე გააყალბებენ. არც თავისუფალი მედია აღარ იქნება და მათი საქმეც გამარტივდება. სწორედ იმიტომ ვართ გარეთ, რომ დავიცვათ საქართველო რუსული გავლენებისა და ძალებისაგან“. - აცხადებს თოზუ გულმამედლიმ

პარლამენტში განხილვები ამ დრომდე მიმდინარეობს. სხდომაზე არ უშვებენ ჟურნალისტების ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაბამისი აკრედიტაცია უკვე გაიარეს.



„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები