კახა კალაძე ისევ იმეორებს, რომ არცერთი გაერთიანება არ უღირს, „რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინ ნათქვამ ფრაზას, რომ „არცერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად“, კიდევ ერთხელ იმეორებს და ამბობს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაზიანების სანაცვლოდ არცერთი გაერთიანება არ უღირს.
კალაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელია გაერთიანება „აზიანებს“ საქართველოს ინტერესებსა და სუვერენიტეტს.

მისი თქმით, როდესაც საუბარია „ექსტრემისტულ დაფინანსებაზე, რევოლუციურ დაფინანსებაზე, სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე“, სახელმწიფო სიმაღლეზე დადგება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს.

„არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, ხვალინდელი დღე, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რისთვისაც ჩემი წინაპრები იბრძოდნენ, სისხლი დაღვარეს. რამდენიმე დღის წინ 9 აპრილი იყო და ეს ადამიანები გავიხსენეთ. რა თქმა უნდა, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს.

ყველა გაერთიანებას ეხება ეს, რომელი გაერთიანებაც გინდათ. ყველაფერს დაინახავს საზოგადოება. ვნახავთ, სადაც ვიმყოფებით, ამ რთულ გზაზე.

ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვესაუბრებიან, რატომ უშლის აღნიშნული კანონპროექტი ხელს? ერთი არგუმენტი დამისახელოს ვინმემ. ყველა კარგი პროექტის განხორციელებას მივესალმებით, როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ხელი შეუშალოს, ან არ შეუწყოს. მაგრამ როდესაც საუბარია ექსტრემისტულ დაფინანსებაზე, რევოლუციურ დაფინანსებაზე, სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე, სახელმწიფო სათანადო სიმაღლეზე დადგება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს, ვინც არ უნდა იყოს ის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს დაფინანსება.

გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ყველას პატივს ვცემ გერმანიას, ამერიკას, ჩემთვის ყველაზე მთავარია ჩემი ქვეყანა, რას იტყვის ხალხი“,
– განაცხადა კალაძემ.

წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები