პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა აკრძალულია, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა არ მოითხოვს, შესაძლოა, დღევანდელ პროტესტს გარკვეული პროვოკაციები მოჰყვეს.

ახალგაზრდების თქმით, აქცია გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს არ გასცდება და იმედი აქვთ, რომ პოლიციაც ასე მოიქცევა.

“ადამიანების შეკრებას ჯერ კიდევ ველოდებით. იმედია, ძალიან ბევრნი ვიქნებით. ჩვენი პროტესტი სპონტანურია და პროცესში იგეგმება. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ვნახეთ და ვფიქრობთ, არსებობს რისკი, რომ რაღაც სახის პროვოკაციები იყოს.

პროტესტი დღეს არ დაწყებულა და არც დამთავრდება. ის სპონტანურია, მაგრამ მშვიდობიანი, ლაღი და მტკიცეა. ჩვენ გამოხატვის ჩარჩოებს არავითარ შემთხვევაში არ გავცდებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიციაც ასე მოიქცევა”,
- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები