ივანიშვილის ანტიდასავლური გზავნილები კონტრაქციაზე
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო.

“ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც მის ჩართვას ცდილობს ომში.

ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით.

ივანიშვილმა თქვა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი — უცხოური აგენტურა მართავდა. ივანიშვილის თქმით, ისინი ლიდერებად „ენჯეოების მიერ მოწყობილი რევოლუციის შედეგად დაინიშნნენ“.

„ბევრს ჰგონია, რომ ამ [ენმ-ის] დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშვილის და მისი თანამზრახველების არაჰუმანური, სადისტური, არაპატრიოტული ბუნება იყო. სინამდვილეში ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული. სწორედ ამიტომ იყო, რომ რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც სააკაშვილს, კეზერაშვილს, გვარამიას უმანკო კრავებად გვიცხადებენ. ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების სადისტური დიქტატურა დააბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ“,
— განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც სრული მხარდაჭერით სარგებლობდა“.

„მინდა გავიხსენო ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები მცირე ადაპტირებით: არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდოელიტა“,
— განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, 2012 წელს ეგონა, რომ მისია შეასრულა, თუმცა კვლავაც უწევს ბრძოლა სუვერენიტეტისთვის.

„პირადად მე განვაგრძობ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად“,
— მიმართა ივანიშვილმა რუსთაველზე შეკრებილებს, რომელთა უდიდეს ნაწილსაც საჯარო სექტორში დასაქმებულები შეადგენენ და რომლებიც “ქართული ოცნების” ორგანიზებით მიიყვანეს აქციაზე.

მან ისაუბრა მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ბუქარესტის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში, ორპირ ქარში დააყენეს.

„ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზე და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოს და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების შემთხვევაში ადვილად მიაღწევდა“, — განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ენჯეოების გამჭვირვალობის წინააღმდეგ უცხოეთიდან გამალებით იბრძვიან, რადგან მათი გაუმჭვირვალობა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება შეგიძლია, დანიშნო გარედან.

„მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული ღამურების, ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს“, — განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან „გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას ხმარდება. ეს თანხები, ივანიშვილის თქმით, სუვერენიტეტის წართმევას ისახავს მიზნად.

„დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროის საქართველო და არც იანუკოვიჩის დროის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი“, — განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა უპასუხა კითხვას, რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ იღებენ მას წელს.

„შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა. მეორე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლება შეჰქმნოდა. წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს“, — განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დღეს მმართველ გუნდს აქვს სრული რესურსი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მიიღოს.

„სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია. ასევე, საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკივებინა და თუნდაც არჩევნების შემდეგ დაგვეწყო განხილვა. ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ე.წ. ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც“, — განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად.

„როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ“, — განაცხადა ივანიშვილმა.

ამიტომ, ივანიშვილის თქმით, ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიციირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა: ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს, მეორე მხრივ კი, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ “აგენტურას” ძალას ბოლომდე გამოაცლის.

„შესაბამისად, კანონპროექტების ინიციირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენ მიმართ წყენა ისედაც არ აკლია“, — თქვა მან.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბევრი განაწყენებულია, რომ 2012 წელს „ნაციონალები“ სათანადოდ არ დასაჯეს.

„სამწუხაროდ, არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების გასამართლება. საქმეში უშუალოდ ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ მაშინ „ნაციონალების“ დასჯის არავითარი რესურსი არ გვქონდა, ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს… რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველო ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს ვადებში გაარღვევდა“, — თქვა ივანიშვილმა.

ის გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციას და თქვა, რომ გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი.

„ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ. ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით“, — თქვა ივანიშვილმა.

„ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თქმით, ახლა ხელისუფლებას აქვს საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დაიწყოს და სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„არჩევნების შემდეგ კი ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12- წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს. არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა!“ — განაცხადა ივანიშვილმა.

ენმ-ის დასჯის გარდა, ის საზოგადოებას დაჰპირდა, რომ საქართველო 2030 წელს გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

„ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის“, — დასძინა ივანიშვილმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ შეკრება გაიმართა, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.

“ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად. სინამდვილეში, ყველას, ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები