„ჩემს ძმას სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ“ — ზურა ჯაფარიძე
„გირჩი — მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე მის ძმაზე თავდასხმის შესახებ იუწყება. ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი სპიკერთაგანია.

„ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ“, — წერს ზურა ჯაფარიძე.

დღესვე თავდასხმის შესახებ განაცხადეს ენმ-ის წევრმა დიმა ჩიქოვანმა და ანტირუსული აქციების მონაწილე
ბაიკერმა ლაშა ღვინიანიძემ.

უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.
„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები