მოქალაქის თქმით, რუსული კანონის საპროტესტო მაისურის გამო, პოლიციამ სცადა მისთვის საჯარო სივრცეში გადაადგილება შეეზღუდა
“სოლიდარობის თემის” წევრი, ნესტან ანანიძე აცხადებს, რომ პოლიციამ სცადა, მისთვის შეეზღუდა რუსული კანონის საწინააღმდეგო წარწერიანი მაისურით გადაადგილება საჯარო სივრცეში. უფრო კონკრეტულად, ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კიკვიძის პარკში ვარჯიშობდა მაისურით, რომელსაც ეწერა “არა რუსულ კანონს”, რა დროსაც მასთან პოლიციელი მივიდა და ტერიტორიის დატოვება სთხოვა.

ანანიძის თქმით, მან უარი განაცხადა პოლიციელის უკანონო მოთხოვნის შესრულებაზე, რის შემდეგაც “ხუთმა
პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე”.

“დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის, ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება, დატოვეთ ტერიტორიაო. მე ვუთხარი, რატომ, საჯარო სივრცეა და ვვარჯიშობ - მეთქი. მიხვდა, არაფერი გამოუვიდოდა და წავიდა.

შემდეგ, ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე. მთელი ვარჯიშის დროს ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ. ბოლოს, სადაც ხალხი დგას იქ არ გამატარეს. სად მიდიხარო, სახლში-მეთქი. მეორე მხარეს გადამაცილა პოლიციელმა, ცხრა მაისთან დაკავშირებით ღონისძიებააო.

ჯადოსნური მაისურია, ისეთი რამეები შეუძლია. #არარუსულკანონს”, –წერს ნესტან ანანიძე სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები