ზაფხულში ფრენების 18% ევროპის ქვეყნებთან, 13% რუსეთთან შესრულდება - სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისი, აქედან ევროპის ქვეყნებთან 18%-ს შეადგენს, ხოლო 13% – რუსეთთან.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი, 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს.

„იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის
არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი). 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია”,
– აცხადებენ სამინისტროში.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის იგივე საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1 761 რეისის განხორციელება იგეგმება, რაც რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს.

„ფრენებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

დაგეგმილი რეისების სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • საქართველოდან ევროპაში და პირიქით – 18%;
  • გალფის ქვეყნებთან – 17%;
  • რუსეთთან – 13%;
  • დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად – 52%.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელმაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება დაიწყო ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით. ასევე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება განაახლა ავსტრიულმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა ვენა – თბილისი – ვენას საჰაერო ხაზზე. რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJET-მა. ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფრენებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით განახორციელებს”, – აღნიშნავენ სამინისტროში.

ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 946 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 34%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-აპრილში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე.
წყარო: პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები