„მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა“ — ბლინკენის თქმით, რუსულ კანონს შედეგი მოჰყვება
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის შეფასებით, საქართველოს მიერ მიღებული უცხოეთის „აგენტების კანონი“ პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი.

ენტონი ბლინკენს დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს. სახელმწიფო მდივანს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე და წინააღმდეგობრივ კანონზე კონგრესმენმა ბილ კიტინგმა ჰკითხა.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ „უცხოელი აგენტების კანონით“, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ის პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა [გადმოწერილი]. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი
ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და მოლოდინი მაქვს, რომ ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს, რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე. ასე რომ, ველი, მოჰყვება [შედეგები] იმის გამო, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს“,
— განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები