საქართველოში მხოლოდ ერთი კვირის ხორბლის მარაგია - ,,ბარაქა“
ქვეყანაში, ყველა დიდი წისქვილი გაჩერებულია და ბაზარი სრულად გადართულია რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე. რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ წისქვილკომბინატ ,,ბარაქას“ დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ქვეყანაში მხოლოდ ერთი კვირის ხორბლის მარაგია.

„ჩვენ ყოველკვირეული ურთიერთობა მაინც გვაქვს ყველა დიდ წისქვილთან. ახლა, ქვეყანაში ხორბლის მარაგი 10 000 ტონას არ აღემატება, რაც ერთი კვირის მარაგია. რომელიც კერძო კომპანიებშია და ამოწურვადია. რეალურად, მეტი მარაგი სახელმწიფოში არ არსებობს, ხორბლის მარაგს რასაც ეძახიან, ეს გვაქვს მოსავალში, რომელიც დაახლოებით იქნება 150 000 ტონის ფარგლებში. აქედან, ყველა არ გამოდგება გადასამუშავებლად ფქვილისთვის, რაღაც რაოდენობა ცხოველური წარმოებისთვისაა. ჩვენი ორგანიზაცია ჰოლდინგურია, დასავლეთში გვაქვს პურის ქარხანა და ასევე, გვაქვს კახეთში ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიან ციკლს, თესვიდან-მოყვანამდე და დაბინავებამდე. აქედან გამომდინარე, სრულ ჯაჭვთან გვაქვს ურთიერთობა.

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი პრობლემა აქვთ მცირე ფერმერებსაც, რომლებიც ბოლო ერთი კვირაა მუდმივად მირეკავენ და მეკითხებიან, რა ქნან, თუ წისქვილები გაჩერდა, როგორ გადაამუშაონ ხორბალი? რეალურად, დაანონსებული გვაქვს თვითუზრუნველყოფის გაზრდა და ამ დროს, რეალურად მწარმოებლები გაჩერებული ვართ. ტექნიკურად რომ ავიღოთ, წისქვილკომბინატების მუშაობა არ არის ასე, რომ ღილაკს თითი დააჭირო, ჩართო და გამორთო. ჩვენი ყოფილი თანამშრომლების დაახლოებით 30%-თან კონტაქტზეც ვეღარ გავდივართ. ზოგი, საერთოდ ქვეყნის გარეთ გავიდა სამუშაოდ, ზოგი სხვაგან დასაქმდა და ცხადია, მათი მობილიზება არ არის მარტივი. თვენახევარი მაინც დასჭირდება წისქვილის თავიდან ჩართვას, მაშინ როცა, საქართველოს ხორბლის სრული მოსავალი, წისქვილისთვის 2 თვის გადასამუშავებელია. შესაბამისად, მე გარანტიას გაძლევთ, ვერცერთი დიდი წისქვილი ვერ დაიწყებს საწარმოო პროცესს. ამასთან, ბევრი ნიუანსია, თუ არ მოხდა შერევა სხვა რუსული, ან ყაზახური ხორბლის, ვერ მოხდება დაფქვა, რადგან შემდეგ ცხობაშია პრობლემები და ა.შ.“,
- განაცხადა ბიძინაშვილმა ,,საქმეში“.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები