საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულად
გაიზარდა.
2022 წელს ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსზე პირველადი განაცხადი
საქართველოს 8 100-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან
შედარებით 114%-ით მეტია. შესაბამისად, საქართველო, ავღანეთთან,
ბანგლადეშთან და თურქეთთან ერთად, იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდა,
საიდანაც 2022 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ
ყველაზე მეტი განაცხადი შევიდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული
იმიგრაციის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნის პრეფექტურებში თავშესაფრის
შესახებ 137 046 პირველადი განაცხადი, ძირითადად, ავღანეთიდან (17 000
განაცხადი), ბანგლადეშიდან (8 500 განაცხადი), თურქეთიდან (8 500
განაცხადი) და საქართველოდან (8 100 განაცხადი) შევიდა. ამასთან, 19
000-ზე მეტი განაცხადი უარის გადახედვას შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 3
785-მა მოქალაქემ ითხოვა, საიდანაც მხოლოდ 93 განაცხადი
დაკმაყოფილდა.
უწყების ცნობით, 2022 წელს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა
რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 31,3%-ით გაიზარდა.
გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა ბინადრობის მოწმობების გაცემაც.
პირველივე მოთხოვნით 320 000 განაცხადი დაკმაყოფილდა, რაც, 2021
წელთან შედარებით, 17%-ით მეტია. აქედან 108 000-ზე მეტი ქვეყანაში
ჩასული სტუდენტია.
ამასთან, 2021 წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა ლეგალიზებული
არალეგალი იმიგრანტების რაოდენობაც: 2022 წელს ფრანგული დოკუმენტაცია
34 000-ზე მეტ პირს გადაეცა.
ასევე, გაიზარდა წარმომავლობის ქვეყნებში დაბრუნებულთა რიცხვიც: 2022
წელს საფრანგეთიდან თავის ქვეყანაში 15 396 იმიგრანტი დაბრუნდა, რაც
წინა წელთან შედარებით, 2 000 კაცით მეტია. მათი უმეტესობა
ხელისუფლების მიერ იძულებით დეპორტირიებული პირები არიან, რაც, პირველ
რიგში, უცხოელ კრიმინალებს შეეხო.